შიომღვიმის მონასტერთან, იქ სადაც გუშინ კლდის ნაწილი ჩამოიშალა გეოლოგები მუშაობენ. მათი დასკვნის მიხედვით გადაწყდება საჭირო იქნება თუ არა სასულიერო პირების ტერიტორიიდან გაყვანა.
მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა განმარტავს, რომ ფერდიდან მიწის ჩამოშლა წინა წლებშიც ხდებოდა, ნაშალი მასა კი მონასტრის უკანა მხარეს არსებული ხევიდან ტექნიკით გაჰქონდათ.
“ჯერ შესწავლის პროცესია და შემდგომ გვეტყვიან როგორ უნდა მოვიქცეთ. ყოველწლიურად ასე ხდება, მე 10 წელია აქ ვარ, ჩამოიშლება ეს ქანები და გაგვაქვს ხოლმე, გუშინ ცოტა ისეთი, უფრო მასიურად იყო. ტექნიკით გაგვაქვს”, – თქვა მამა საბამ.
სპეციალისტის თქმით, მომხდარის დროს წვიმა რომ ყოფილიყო ადგილზე ღვარცოფი განვითარდებოდა.
“რასთან გვაქვს საქმე და გამოფიტული მასალის ჩამოქცევასთან. ძალიან დიდი ენერგეტიკული პოტენციალი აქვს ამ ფერდს. რა რაოდენობის მასალაა ჩამოსული, ეს ყველაფერი ანალიზის შემდეგ დადგინდება. ასეთი საფრთხე ყოველთვის არსებობს ჩვენ ქვეყანაში, ეს არის კლდეზვავითი პროცესი, გამოფიტული მასალის ჩამოქცევა, დანარჩენი, დასაზუსტებელია. წვიმა რომ ყოფილიყო, ღვარცოფად გადაიქცეოდა. [უსაფრთხოა ახლა აქ ყოფნა?] კი მაგრამ დაკვირვება სჭირდება მუდმივად. ჯერჯერობით ხევშია დაგროვებული [მასალა] მერე სად წავა, ამას გაწმინდავენ”, – ამბობს გეოლოგი.
ცნობისთვის, შიომღვიმეში კლდის ნაწილის ჩამოშლის შედეგად არავინ დაშავებულა.