რაჭის ჯგუფში ემოციური მიმართვა ვრცელდება. ადგილობრივი საზოგადოებას მოუწოდებს, იქნებ თავი შეიკავონ მძიმე კომენტარებისგან, რადგან შოვში მათი შვილები იზრდებიან.
„პირველ რიგში გილოცავთ მარიამობას ჩემო ძვირფასებო.ჩვენი ღვთისმშობლის ლოცვა გვფარავდეს და გვიცავდეს მთელ რაჭას და სრულიად საქართველოს. არ მინდოდა არაფრის დაწერა. არც არასდროს არსად დამიწერია ასე საჯაროდ. მაგრამ ამ ვიდეოში, სადაც ჩემი სახლი ჩანს, შოვის ტერიტორიაზე, სადაც საკუთარ შვილებს ვზრდი, მეც და სხვებიც, აწერია ჩემს სახლს „იყო და არა იყო რაო…“
იქნებ, თავი შეიკავოთ მსგავსი წარწერებისგან და კომენტარებისაგან.
3 აგვისტოს, 16:30 სთ ის შემდეგ 5 დღე და ღამე ტალახის წინ ვიდექი და ვისმენდი ჩემი ახლობლების ტირილს საკუთარი შვილების მოლოდინში…. თუ ამდენის ატანა შემეძლო ვერასოდეს ვიფიქრებდი. მერე დავტოვე ჩემი სოფელი მთლად გაყინული და გაქვავებული… არავინ იცის რას ვგრძნობდით, არავინ ლაპარაკობდა, არც ჩიტები ჭიკჭიკებდნენ მარტო ტალახი გვქონდა ყველას თვალებში და თვალს ერთმანეთს ვერ ვუსწორებდით… ყველას ერთად გვრცხვენოდა რომ გადავრჩით… ჩვენ გადავრჩით მაგრამ იქ დავტოვეთ ჩვენი გულები… მოდით, გთხოვთ, გვადროვეთ ვიგლოვოთ ჩვენი შოვი და ჩვენი სოფლელები…
– იქ აღარასოდეს ავალ…
– ნუ ამოხვალთ ბატონო…
-იქ როგორ უნდა გავიცინო…
– რატომ? სადაც თქვენ ცხოვრობთ, სიცილი შეწყვიტეთ თუ სუნთქვა?…
იქ სასაფლაოა…
– არა აქ ჩვენი შვილების საცხოვრებელი ადგილია…
იქ სასაკლაოა… – არა აქ სახლები, საბავშვო ბაღი და სკოლაა…
შოვი იყო და აღარ არისო…
– არა შოვი არსად წასულა არც არავინ მოუკლავს, არც არავისთვის რამ დაუშავებია. შოვიც ჩვენი წინაპარი… აწმყო… და მომავალია, რომელსაც ჩვეულებრივ ვიგლოვებდით რომ ამდენი სიცოცხლე არ დაეკლა გულზე. ეს შოვს არ უქნია. ეს მდინარემ და ბუნებამ ქნა.
იმ ბუნებამ რომელმაც ყველგან მოახდინა უბედურებები, მაგრამ არსაიდან არავინ აყრილან და გადასახლებულან. არც არავის გიდიათ ჩვენთვის სახლები, რომ იქ გადავცხოვრდეთ და რას გვთავაზობთ, იქნებ გვითხრათ.
არსად არავინ ვართ დაცულები მეგობრებო. შოვი არ არის ერთი კონკრეტული ადგილი ჩვენთვის. ნუ შეგვიქმნით ისეთ სიტუაციას, რომ გვრცხვენოდეს იმისი თქმა, თუ სად ვცხოვრობთ. მაპატიეთ ეს პოსტიც და ეს სიტყვებიც.
გთხოვთ, მიეცით უფლება ჩვენს შვილებს გაიზარდონ შოვში და იცინონ ამ ისედაც წამიერ ცხოვრებაში. არავის არ გტკივათ ჩვენზე მეტად დამიჯერეთ“,- წერს ადგილობრივი.