შოვში, სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა თავდაცვის ძალების ინსტრუქტორი თემურ ხარჩილავა.
ხარჩილავას მეგობრები ამბობენ, რომ სამხედრო მოსამსახურე, სამუშაოების მიმდინარეობის დროს, მოულოდნელად, შეუძლოდ გახდა და მდინარის პირას ჩავიდა, შემდეგ კი გონება დაკარგა. მისმა ჯგუფმა (მაშველები და სამხედროები რამდენიმეკაციან ჯგუფებად არიან დაყოფილი და სექტორებად დაყოფილ მონაკვეთებზე, მდინარის კალაპოტის გასწვრივ მუშაობენ) სასწრაფო შეტყობინება გადასცა, რამდენიმე სამხედრო და მაშველი კი თემურ ხარჩილავას პირველ სამედიცინო დახმარებას უწევდა.
მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების ბრიგადა დაახლოებით 10 წუთში მოვიდა, მაგრამ თემური უკვე გარდაცვლილი იყო.
მეგობრების თქმითვე, სამედიცინო დახმარება დასჭირდა კიდევ ერთ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც თემურ ხარჩილავასთან ერთად იმყოფებოდა და “მეგობარი ხელებში ჩააკვდა”. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
აღსანიშნავია, რომ თემურ ხარჩილავას სტიქიის ზონაში ყოფნის განსაზღვრული, ათდღიანი ვადა სწორედ დღეს უმთავრდებოდა, როტაცია უწევდა და რამდენიმედღიანი შვებულებით, შინ უნდა დაბრუნებულიყო.
აფხაზეთიდან დევნილი თემურ ხარჩილავა სამი შვილის (ორი სტუდენტისა და ერთი სკოლის მოსწავლის) მამა იყო, ის წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად ზუგდიდში, გორგასლის ქუჩაზე ცხოვრობდა.
წყარო : odishinews.ge