1991 წლის 29 აპრილს, ორშაბათს, 13 საათსა და 13 წუთზე საქართველოში მოხდა ძლიერი, დამანგრეველი მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა საჩხერის რაიონის სოფელ ხახიეთში. ეპიცენტრში მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო, ხოლო ძირითადი ბიძგის მაგნიტუდის სიმძლავრე – 6,9-7,2 ბალი. მას შემდეგ, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში რამდენიმე განმეორებითი ბიძგი აღინიშნა, მათ შორის ყველაზე ძლიერი – 3-4 მაისსა და 15 ივნისს. მიწისძვრა გავრცელდა ამბროლაურის, ჯავის, ონის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის რაიონების ტერიტორიაზე და მიწაში მთლიანად ჩაიმარხა სოფელი ხახიეთი, სულ დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი, დაინგრა და დაზიანდა 4600-მდე სახლი და 1000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა.
„კვირის პალიტრამ“ იმ მიწისძვრის დროს სასწაულებრივად გადარჩენილ ქალთან ინტერვიუ ჩაწერა. რუსუდან ქამუშაძე მიწისძვრის დროს იგი 35 წლის ყოფილა:
აი, რას იხსენებს ის:
– ბაზრის წინ, ხუთსართულიანი სახლის მეოთხე სართულზე ვცხოვრობდი. აივანი ჩაინგრა და “ოთხი სართული” დამეყარა თავზე. გონება დავკარგე და ვფიქრობ, ასე 4 საათის განმავლობაში ვიყავი მიწაში ჩამარხული. აზრზე რომ მოვედი, ვერაფრით გავერკვიე, რა მჭირდა. მუცელი მეწვოდა და ბეჭებით ვცდილობდი წამოწევას. მაგრამ რას წამოვიწეოდი, უზარმაზარი ფილები მეწყო, თურმე, ბეჭებზე. ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი, სილასა და ბეტონში ვიყავი ჩაფლული. მხოლოდ მარცხენა ხელი გადავწიე გვერდზე და ვიგრძენი, თავზე ფარდა შემომხვეოდა, ალბათ, რომელიმე მეზობლის… მეოთხე სართულიდან რომ მოვფრინავდი, ვიღაცას დავუნახივარ და ჩემ მოსაძებნად ამწე მოუყვანიათ. რამდენი ფილა ამაცალეს, იმდენი გატყდა. ოდნავ შევნიშნე სინათლის სხივი და ავყვირდი. მიხვდნენ, სადღაც იქვე ვიყავი და ზემოდან შეძახილებით მამხნევებდნენ.
ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთი ფილა, თავზე რომ მედო, მთლიანად ამოიღეს და წელს ზემოთ დამინახეს, სანახევროდ კი მიწაში ვიყავი. პროფესიონალ მაშველებს არ ჰგავდნენ, საჩხერლები იყვნენ. ის-ის იყო, ამწეთი ამომწიეს, რომ კიდევ იძრა მიწა. შეშინდა ხალხი და ყველამ იმწამს მიმატოვა. ვერ გეტყვით, მერამდენედ მოვკვდი მაშინ. ცოტა რომ ჩაწყნარდა სიტუაცია, ხალხის ნაწილი დაბრუნდა და ცოცხალ-მკვდარი ამომიყვანეს მიწიდან. ფეხები გაშეშებული მქონდა. წამიყვანეს საავადმყოფოში და ექიმს უთქვამს, ხერხემალშია გადატეხილიო. სინამდვილეში, ხერხემალში კი არ ვიყავი გადატეხილი, თირკმელიდან სისხლი მდიოდა, ლავიწის ძვალი მქონდა გატეხილი და ბეჭები – ჩახეული, ამიტომ სასწრაფოდ გადამაფრინეს ქუთაისის საავადმყოფოში და იქ ჩამიტარეს ყველანაირი მკურნალობა. გერმანიიდან ჩამოსულმა ექიმმა მითხრა, დღეს კი შედარებით იოლად გადარჩი, მაგრამ 10-12 წლის შემდეგ იჩენს თავს შენი დაავადებაო. მართლაც გამირთულდა მდგომარეობა – გაფანტული სკლეროზი დამემართა და ცხოვრება გამიმწარა, სხეულის ნახევარ მხარეს – ხელსა და ფეხს სიარულისას ძლივს მივათრევ…
საბოლოოდ, ჩვენი სახლის დანგრევისას სამი ადამიანი დაიღუპა – დედა და 4 წლის ბავშვი, რომელიც გულში ჩაეხუტებინა და ერთი მოხუცი. მიწისძვრისას მხოლოდ ჩვენ ოთხი აღმოვჩნდით კორპუსში. დღის ისეთი პერიოდი იყო, დანარჩენები სამსახურებსა და სკოლაში იყვნენ. მეც ცოტა ხნით, სამსახურიდან შესვენებაზე, სადილად შევირბინე შინ. კარგი ამინდი იყო და აივანზეც გავედი – ქვეყნიერებას გადავცქეროდი და ვტკბებოდი, ვიდრე უეცრად ქარი არ ამოვარდა. უცებ ტყლაშო, დაიძახა სახლმა და გვერდით რომ გავიხედე, მახსოვს, შუაზე რკალივით გამსკდარი სადარბაზოს ნაწილი გვერდულად წამოვიდა. მერე მეც გამომეცალა აივანი, ქვემოთ დავეშვი. მეტი აღარაფერი მახსოვს…