საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ხელმძღვანელობამ ეროვნულ სამხედრო სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა , ირაკლი ალასანიამ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სტრატეგია ითვალისწინებს არსებულ გამოწვევებს, იმ წინააღმდეგობებს და საფრთხეებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ასევე ითვალისწინებს იმას, როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევებს თავდაცვის სისტემამ.
ალასანიას განცხადებით, ეს დოკუმენტი უახლოეს პერიოდში მიეწოდება პრემიერს, მინისტრთა კაბინეტს, რათა მიღებული იქნას გადაწყვეტილება უკვე განხორციელების კუთხით.
“შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო იმ კუთხით, რომ ეფექტურად მოხდეს ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის დაგეგმარება. მაგრამ, ასევე მინდა გითხართ, ჩვენ ვთანხმდებით, რომ დოკუმენტები არაფერს არ ნიშნავს, თუკი ამ დოკუმენტებმა, სტრატეგიებმა, კონცეფციებმა კონკრეტულად არ მოუტანა სარგებელი ჯარისკაცს, რომელიც არის ბრძოლის ველზე გასული. ყველა ეს სისტემური გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ჯარისკაცი იყოს უზრუნველყოფილი შეირაღებით, წვრთნით, რათა მათ შეძლონ თავიანთი მთავარი ამოცანის შესრულება – ქვეყნის დაცვა”, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ეს სტრატეგია არის რეალისტური და ძალიან ნათელი.
“სიცხადე სამხედრო საქმეში არის აუცილებელი პირობა”, – დასძინა ალასანიამ.
27.12.13