დღეს, 24 სექტემბერს, თბილისის დროით დილის 08:00 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქი მცხეთა იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა თბილისში. მოქალაქეებმა გაიგეს ასევე აფეთქების მსგავსი ხმა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.
ასეთი სიმძლავრის მიწისვრა საშუალოზე სუსტად მიიჩნევა, თუმცა ბიძგები მძაფრად იგრძნობოდა. ამ თემას ეხმიანება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი, რომელიც “ფეისბუქში წერს”
დღევანდელი მიწისძვრა თბილისთან იყო უფრო ძლიერი (4.7), ვიდრე 2002 წლის აპრილის (4.5).
“რამ გადაგვარჩინა?
1. დღევანდელის ეპიცენტრი იყო თბილისის ყველაზე ახლო უბნებიდან 10+ კმ-ში (შორები – 20+ კმ), 2002 იყო თბილისში;
2. დღევანდელის ჰიპოცენტრი (სიღრმე) იყო ღრმა, მოხდა 27 კმ სიღრმეზე და რხევა ზედაპირზე ამოსვლამდე შედარებით დაცხრა.
რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა?
მიწისძვრისას მოდის რამდენიმე ტალღა. პირველი ტალღა P (რომელიც სწრაფად ვრცელდება) იწვევს ამ ხმას, მეორე ტალღა S იწვევს იმ რხევას რომელსაც აღვიქვამთ, კიდევ სხვა ტალღებიცაა, მაგრამ არაუშავს. და საერთოდ, 4.7 არის საშუალოზე სუსტი მიწისძვრა, ამიტომ მასზე “რამ გადაგვარჩინა” კითხვა წესით უადგილოა.
მაგრამ თბილისში და საქართველოში, ნაგებობების ხარისხის გამო, ეგეც კი ძალიან გვაშინებს. ასევე, კარგია რომ წვიმების გავლილ “სეზონს” დროში აცდა”, – წერს სუხიშვილი.