“ვამაყობ ჩემი ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით, ჩემი პროფესიით… ვთვლი, რომ კარგი დედამთილი და სიდედრი ვარ. არაჩვეულებრივი სიძე და რძლები მყავს. მათ ჩემი შვილებისგან არ ვასხვავებ”, – ამბობს მსახიობი ზეინაბ დვალიშვილი. მას პოპულარობა სერიალმა “ჩემი ცოლის დაქალები” მოუტანა. როგორ გახდა ელვირის დედა, რას ამბობენ მასზე შვილები, როგორი ურთიერთობა აქვს ცნობილ სიძესთან – ზაზა ფაჩულიასთან და რის გამო იღებს საყვედურებს? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
– დაბადების თარიღი…
– …1954 წლის 26 დეკემბერი.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…
– …მსახიობი, ეს დედაჩემის დამსახურებაა. ის ხშირად მიკითხავდა ლექსებს. მხატვრული კითხვა შემაყვარა. რკინიგზელთა სახლში დავდიოდი. იქ პირველად ვნახე დეკორაცია, რომელსაც სცენაზე აწყობდნენ და ნანახმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მისი ფერები დღემდე ნათლად მახსოვს. ის პერიოდი იყო, როცა პირველად დავდექი სცენაზე და ეს ჯადოსნური სამყარო უფრო მეტად შევიყვარე. მაშინ რომ სცენის მტვერი ჩავყლაპე, დღემდე ამ სიყვარულით მოვდივარ. სკოლა რომ დავასრულე, თეატრალურში ჩავაბარე, შემდეგ განაწილებით სოხუმის თეატრში მოვხვდი. მესამე კურსზე ვიყავი, გიზო ჟორდანიამ “განთიადი” რომ დადგა და მათამაშა. ეს სპექტაკლი რუსთავის თეატრის რეპერტუარში იყო. შემდეგ გავთხოვდი და მეუღლესთან ერთად სოხუმის თეატრში გადავედი.
– ჩემზე ამბობენ…
– …ჩემი შვილები ამბობენ, მკაცრი დედააო. მომთხოვნი ვარ, ძალიან მომთხოვნი. პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემთვის მნიშვნელოვანია. სიმკაცრით ჩემს პერსონაჟს ვგავარ. მეგობრები ამბობენ, ზეიკო მხარში მდგომი, კეთილშობილი და კომუნიკაბელურიაო.
– სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”…
– …სრულიად მოულოდნელად მოვხვდი. ამაზე არც არასდროს მიფიქრია. ჩემს შვილიშვილს უნდოდა მონაწილეობა და რამდენჯერმე კასტინგზე ვახლდი. იქ არავის ვიცნობდი, უბრალოდ არ მინდოდა, მარტო წასულიყო. ეკა მჟავანაძემ რომ დამირეკა, ვიფიქრე, ბავშვის გამო მირეკავს-მეთქი, მაგრამ ისეთი სიტყვები მითხრა, ენა ჩამივარდა; თქვენს პროფესიას თუ დაუბრუნდებით, კარგი იქნება, ელვირის დედის როლი გვინდა შეასრულოთო. სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მარტო ვიყავი, ჩემი მეუღლე პირველ სართულზე იყო. შალვასთან ჩავედი, ხვალ კასტინგზე უნდა წავიდე, სერიალიდან დამირეკეს-მეთქი. არ დაიჯერა. ახლა ეკრანზე რომ მხედავს, უხარია, ყველას ეუბნება, ზეიკო ნახეთო? ელვირი ცუდი პერსონაჟია, მაგრამ ნიკა ქავთარაძეა ცხოვრებაში ძალიან საყვარელი ადამიანი. ჩემი ბიჭები ერთმანეთს რომ ელაპარაკებიან, ამბობენ ხოლმე, ზეიკო ჩვენი დედა აღარ არის, ელვირის დედა გახდაო.
– ვამაყობ…
– …ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით, ჩემი პროფესიით, სკოლით, მოსწავლეებით… ვთვლი, რომ კარგი დედამთილი და სიდედრი ვარ. არაჩვეულებრივი სიძე და რძლები მყავს. მათ ჩემი შვილებისგან არ ვასხვავებ.
– ჩემი სიძე ზაზა ფაჩულია…
– …არაჩვეულებრივი ადამიანია. საოცარი იუმორი აქვს, კარგი მეუღლე და მამაა. როგორ შეიძლება, კმაყოფილი არ ვიყო. ადამიანში იუმორის გრძნობას ძალიან ვაფასებ და ზაზამ თავისი იუმორით მასთან ურთიერთობა გამიადვილა. სულ მაშაყირებს. მეც არ ვაკლებ (იცინის), მაგრამ ის მჯობნის. სერიალში რომ მნახა, მითხრა, – ზეიკო, შენი იმედი მაქვს, ისე არ ითამაშო, ტელეფონში შენი ნომერი საერთოდ წავშალოო. რამდენიმე დღის წინ ვკითხე, – ხომ არ წაგიშლია-მეთქი? – არა, არა, მაქვს და ეკრანზე რომ გხედავ, ძალიან მიხარიაო. თურმე საღამოს შინ რომ ბრუნდება, ჩემს ქალიშვილს ეკითხება, ზეიკო დღეს არ თამაშობსო? მერე სერიალს უყურებენ.
ამ ადამიანში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ მიზანდასახულია. სულ სწავლობს, ახლაც სტენფორდში ბიზნესის მართვას სწავლობს. საქმისადმი სერიოზული მიდგომა სჩვევია. არაჩვეულებრივი მეგობარია, ყველა პატივს სცემს, საკალათბურთო სივრცეში ავტორიტეტი აქვს. ზაზა დასაყრდნობი და უღალატო კაცია, მეგრული სისხლი აქვს. მიხარია, რომ მისი სამომავლო გეგმები საქართველოსთანაა დაკავშირებული. შვილებს ქართულად ზრდის, ქართველი ძიძები ჰყავს. შინ ინგლისურად ლაპარაკს კრძალავს. ზაფხულობით რომ ბრუნდებიან, შვილები აქაურ საზაფხულო სკოლაში დაჰყავს. ბავშვები აქ არც ერთ ახალ წელს არ შეხვედრიან და მომავალი წლის შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. ზაზა მთელ ზაფხულს საქართველოში ატარებს.
– პირველად რომ შემიყვარდა…
– …მე-7 კლასში ვიყავი, შალვა რომ შემიყვარდა. ერთი ეპიზოდი სულ მახსოვს: მასწავლებელი ბავშვებს იძახებდა, გაკვეთილი რომ მოეყოლათ. შალვა ჩემ უკან იჯდა, მხრებზე ხელი მომკიდა და ჩამჩურჩულა, – გთხოვ, მომეფარე, გაკვეთილი არ ვიციო. ჟრუანტელმა დამიარა, ის განცდა მთელი ცხოვრება მომყვება. უკვე სულ სხვა თვალით შევხედე. შემიყვარდა და ძალიან დიდხანს, მარტო ვიტანჯებოდი, ის ჩემს სიყვარულს ვერ გრძნობდა. პირველ კურსზე რომ ვიყავი, მეგობარ ბიჭს გავენდე, ძალიან მიყვარს და აბა, უთხარი, მასაც თუ ვუყვარვარ, სასწავლებელში ლექციები 3 საათზე მიმთავრდება და მოვა-მეთქი. მეორე დღეს თეატრალურში მომაკითხა. ლექციების ბოლოს გულისფანცქალით გადმოვიხედე და იქ რომ დავინახე, აღარ მახსოვს, მეორე სართულიდან როგორ “ჩავფრინდი”. მესამე კურსის ჩათვლით, სულ ერთად ვიყავით, შემდეგ უაზრო წაკამათების გამო დავშორდით. ნაჩქარევად და დაუფიქრებლად, ჯგუფელზე გავთხოვდი. პირველი ოჯახი 7 წლის შემდეგ დამენგრა. შალვა კი ჩვენი სიყვარულის ერთგული დარჩა. 32 წლისები ვიყავით, რომ დავქორწინდით. გათხოვების შემდეგ ის მე საერთოდ არ მინახავს, სოხუმში ვცხოვრობდი და არასდროს შევხვედრივარ. ჩემი გათხოვება ძალიან განუცდია.განაგრძეთ კითხვა