ბავშვობაში ნასწავლი და ნაცადი ზოგჯერ არც ზრდასრულობაში ქრება და პირიქით, ადამიანისთვის ყოველდღიურობა ხდება. წარსულში განცდილი დეტალები განუყოფელი ხდება მაშინ, როდესაც პიროვნება პოულობს იმ საქმეს, რომელიც სწორედაც რომ მის ხასიათსა და უნარებზეა მორგებული.
შორენა გვილავასთვის ხელსაქმის სიყვარული სათავეს ბავშვობის წლებიდან იღებს. დროთა განმავლობაში ის ხელოვნების არაერთი მიმართულებით დაინტერესდა, თუმცა, მიაჩნია, რომ სასწავლი კიდევ ბევრია და მისი ინტერესის სფეროც სულ უფრო იზრდება. ის „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
„მე ვამზადებ ხელნაკეთ ნივთებს, სახლის დეკორს ნებისმიერ თემაზე (დღესასწაულების მიხედვით), აქსესუარებს, თოჯინებს, ვხატავ (უფრო აბსტრაქტული სტილი მიყვარს), ახალ სიცოცხლეს ვჩუქნი უკვე ძველ და მობეზრებულ ნივთებს, ასევე – რესტავრაციას ვუკეთებ ავეჯს. მასალად ვიყენებ იმას, რაც კონკრეტულ ნივთს სჭირდება: ხე, აკრილის საღებავები, თიხა, თექა და ა.შ.“
როგორც ხელოვანი აღნიშნავს, ის თვითნასწავლია და მისი უნარები ბავშვობიდან ვითარდება, როდესაც რაღაცების გადაკეთება და განახლება მისთვის განსაკუთრებული პროცესი იყო.
„მე თვითნასწავლი ვარ. ბავშვობიდან მიყვარდა რაღაცების გადაკეთება, ახლის შექმნა. ეს ჩემი ჰობი იყო, ახლო წრისთვის ვამზადებდი სხვადასხვა დეკორს და სუვენირებს. მერე, შვილების დაჟინებით, ფართო აუდიტორიას გავაცანი ჩემი ხელნაკეთი ნივთები, რამაც მოწონება დაიმსახურა და მეც უფრო დიდი სტიმული გამიჩნდა. ასე ვაქციე ჩემი ჰობი საყვარელ საქმიანობად“.
შორენას თქმით, საკუთარ ნამუშევრებში ის დიდ სიყვარულს დებს. მათ რეალიზებას სოციალური ქსელის მეშვეობით ახდენს და ცდილობს, მომხმარებელს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოს.
„ყველა ადამიანს თავისებური ხედვა აქვს და მეც ჩემებურად ვამზადებ ყველა ნივთს, რომელშიც დიდ შრომასა და სიყვარულს ვდებ. მაქვს შექმნილი ფეისბუქ გვერდი, რომელზეც განვათავსებ ხოლმე ჩემს ნამუშევრებს თითქმის ყოველ დღე და ვცდილობ, ყოველთვის სხვადასხვა სტილში იყოს დამზადებული ნივთები. არის რაღაცეები, რაც ჯერ არ მიცდია და ძალიან მაინტერესებს, მაგალითად, ეპოქსიდზე მუშაობა, დეკორატიული სანთლების და საპნების შექმნა. ალბათ, მომავალში ვცდი“.