დღევანდელ რეალობაში, მონდომებისა და შესაბამისი უნარების არსებობის შემთხვევაში, ყველაფრის შემეცნებაა შესაძლებელი. ინტერნეტ სამყარო ადამიანებს გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს წვდომა არსებულ რესურსზე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, უმთავრესია, პიროვნებას ჰქონდეს დიდი ინტერესი ამა თუ იმ საკითხის მიმართ.
„საფერები“ – ასე ჰქვია საქმიანობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არცთუ ისე გავრცელებულ, ხელოვნების მიმართულებას მოიცავს. ეს ფერადი მიმდინარეობა ძალიან საინტერესო პროცესია, რის შედეგადაც მიიღება ნამუშევრები, რომლებიც აუცილებლად გამოიწვევს ნებისმიერის ინტერესს. „თბილისი თაიმსს“ თამუნა ლორია ესაუბრა.
კონკრეტულად, რას გულისხმობს თქვენი საქმიანობა?
ტექნიკა, რომელსაც ვიყენებთ – შუშაზე ხატვა ვიტრაჟი, ჯერჯერობით, საქართველოში ფართოდ გავრცელებული არ არის. იგი მიიჩნევა გამოყენებითი ხელოვნების ერთერთ მოდერნისტულ მიმდინარეობად. ვიტრაჟული ხატვა უკვე გულისხმობს შუშაზე ხატვას, შესაბამისად, ჩვენც ძირითად მასალად ვიყენებთ შუშას, ვამზადებთ პატარა სახლებს, ძირითადად საახალწლო დეკორაციებისთვის, სანათებს, ვხატავთ ლარნაკებს და სხვადასხვა ნივთს
ეს ხელსაქმე როგორ შეისწავლეთ?
დღეს ნებისმიერი ახალი ტექნიკის შესწავლა, ინტერნეტის დამსახურებით, პრობლემას არ წარმოდგენს. ამ ტექნიკის შესახებ ვიცოდით და დაინტერესებულებიც ვიყავით, შესაბამისად, დავიწყეთ ვიტრაჟული ხატვა, თავიდან მოყვარულის დონეზე და შემდეგ ნელ-ნელა ტექნიკაც დავხვეწეთ. დღეს ბევრი ადამიანია დაინტერესებული ჩვენი ნაკეთობებით და ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს.
რით გამოირჩევა თქვენი ნამუშევრები?
ჩვენი ნამუშევრები ორიგინალური და ექსკლუზიურია, ყოველი მათგანი არის მხოლოდ თითო ეგზემპლარი და ანალოგი არ გააჩნია, ისინი დიდი სიყვარულით და სისათუთითაა დამზადებული, სახელიც აქედან მოდის – ,,საფერები“. ხშირად გვეუბნებიან, რომ ძალიან მშვიდი და კეთილი აურა აქვთ მათ, რაც ალბათ იმის დამსახურებაა, რომ მუშაობის პერიოდში მხოლოდ დადებით და კეთილ ენერგიას ვდებთ მათში.
რა ვადებთან არის დაკავშირებული მათი შექმნა?
თითოეული მათგანის მოხატვას სჭირდება დაახლოებით ერთი კვირა – ათი დღე. ამასთან ერთად, ნივთები ჩვენთან არ მეორდება. მომხმარებელს მუდამ სიახლე ხვდება.
ამას გარდა, რას საქმიანობთ – სხვა ხელსაქმით თუ ხართ დაკავებული?
შემოქმედებით ადამიანს ერთ ადგილზე გაჩერება არ შეუძლია, შესაბამისად, მუდამ ძიების პროცესში ვართ, თუმცა, ვიტრაჟულმა ხატვამ ძალიან გავიტაცა, მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ ჯერჯერობით აბსოლუტურად ამ მიმართულებით ვართ მოცულები. პარალელურად, ვხატავთ კიდეც, მთავარი საქმე მაინც ვიტრაჟული ხატვაა, ჯერჯერობით.