იმ ადამიანების დამსახურებით, რომელთაც აქვთ უნარი, სწორად გამოიყენონ არსებული რესურსი და შექმნან მაქსიმალური მოცემული პროდუქტით, მიიღება ჯადოსნური გემოები და არომატები, რომლებიც აქამდე არსად გაგვისინჯავს. სწორედ ასეთ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს ბიო მეურნეობა „კაია“. ეს გახლავთ პროდუქტი, რომელიც აქამდე არცერთი მაღაზიის დახლზე არ ყოფილა – ტარხუნის პესტო, 100%-ით ნატურალური პროდუქტი საღებავების, კონსერვანტების, არომატიზატორებისა და გმო-ს გარეშე. უფრო დეტალურად, „თბილისი თაიმსს“ თამარ გულიაშვილი ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც ამ მიმართულებით ხართ დაკავებული?
ჩვენი პროდუქცია ბაზარზე 2023 წლის ივლისში გამოჩნდა და მას შემდეგ დიდი პოპულარობით სარგებლობს იმ აუდიტორიაში, რომელთანაც ხმა სოციალური ქსელის საშუალებით მიგვიწვდება. პროდუქტის პოპულარობის მიზეზი მისი მაღალი ხარისხი, მისაღები ფასი და საუცხოო გემოვნური თვისებებია.
სიახლეებს ხშირად სთავაზობთ მომხმარებელს?
ამ ეტაპზე ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა შეიტყოს ჩვენი ნაწარმის შესახებ, დააგემოვნოს და შეაფასოს ის. სამწუხაროდ, სიახლეებით ჯერ ვერ ვანებივრებთ, რადგან ბიო მოსავლის მოვლა, მოყვანა და გადამუშავება ძალიან დიდ დროს, შრომასა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. თუმცა, ცხადია, მუდმივად ვვითარდებით და ვცდილობთ, ახლო მომავალში გავაფართოოთ / გავამრავალფეროვნოთ ჩვენი წარმოებაც.
ამ მხრივ, კონკურენციას როგორ შეაფასებთ?
კონკურენციას არ ვუშინდებით, ტარხუნის პესტოს ქართულ ბაზარზე ანალოგი რთულად მოეძებნება. ცხადია, ჩვენს მაღაზიებში სოუსებისა და საწებლების ფართო არჩევანია და თითოეული მათგანი ძალიან გემრიელიცაა, თუმცა, ტარხუნას თითქმის არცერთი მათგანი არ შეიცავს, ეს ცოტა იშვიათი გემოა, ტარხუნა სეზონური და, ამასთან, საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, რთულია მისი შემცველი, თანაც ნატურალური საკვების ნებისმიერ დროს შეძენა (ასეთ ფასად) და დაგემოვნება.
ამ ეტაპზე, კონკრეტულ სიახლეზე თუ მუშაობთ?
დიახ, ვმუშაობთ ახალ პროდუქტზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან გაახარებს ჩვენს მომხმარებლებს (პროდუქტის სახელს საიდუმლოდ დავტოვებთ). ვცდილობთ, ქართულ გემოებთან ვიმეგობროთ და ქართველი მომხმარებლის იმედები გავამართლოთ. გვჯერა, რომ ვიდრე წარმოების გაფართოებისა და ქსელურ მაღაზიათა დახლებზე მოხვედრის სახსრებს მოვიძიებთ, ჩვენს სავიზიტო ბარათად მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი დარჩება. ჩვენთვის ჩვენი მომხმარებლების შეფასება მთავარი მოტივაციაა, მადლობას ვუხდით ყველას კეთილი სიტყვისა და დადებითი გამოხმაურებისათვის. ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ ბიო მეურნეობა „კაია“ სანდო სახელწოდებად დარჩეს და იმედებიც არასოდეს გაგიცრუოთ. აგრეთვე, წარმატებებს ვუსურვებთ ყველას, ვინც გვგულშემატკივრობს და ქართულ საქმეს ემსახურება.