„ფორმალური მიზეზი იმისა, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, არის ის, რომ ისრაელი არ ასრულებს 1948 წლის, გაეროს გადაწყვეტილებას, რომელიც ორი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს – პალესტინისა და ისრაელის. ერთი შეხედვით, ეს ასეც გამოიყურება. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც არის, მაგალითად, გაერო, ევროკავშირი და სხვა, ისრაელის მოკავშირეებიც კი, როგორიც არის აშშ, ისრაელს ამას საყვედურობენ, თუ რატომ არ იქმნება პალესტინის სახელმწიფო. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით ისრაელის მიდგომებს მსოფლიოში მიმღებლობა არ აქვს. მე ვერ ვხედავ, რომ ამ წლების განმავლობაში პალესტინელებს უნდოდეს სახელმწიფოს შექმნა“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, მამუკა არეშიძემ „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე დაპირისპირება არის ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტი და არა – დაპირისპირება ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის.
„ჯერ ერთი, ის, რაც ახლა ხდება. ჩემთვის არ არის ისრაელისა და პალესტინის დაპირისპირება, ეს არის დაპირისპირება ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. „ჰამასი“ სხვა რამეა, პალესტინელები – სხვა. თუნდაც იმიტომ, რომ პალესტინა ტერიტორიულად ორ ნაწილად არის გაყოფილი. უფრო დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე იორდანეს მარჯვენა სანაპიროზე, დედაქალაქით – რამალა, სადაც არის პალესტინის, მსოფლიოში მიღებული ხელისუფლება მაჰმუდ აბასის მეთაურობით. აქ პოლიტიკურ პროცესებს ხელმძღვანელობს პარტია „ფათხი“. ღაზას სექტორში პოლიტიკურ პროცესებს ხელმძღვანელობს პოლიტიკურ-რელიგიური ორგანიზაცია
„ჰამასი“ და სახელმწიფო ინსტიტუტები იქ არ არსებობს. „ჰამასი“ არის პოლიტიკური ისლამის კლასიკური მაგალითი, რომლის მთავარი ამოცანაც არის ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და იმ ტერიტორიაზე სრულად პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. ამას არ ეთანხმება რამალას მთავრობა“, – განაცხადა არეშიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აღნიშნულ სამხედრო დაპირისპირებაში ორივე მხარე არის დამნაშავე.
„როდესაც გაერომ ზემოაღნიშნული, 1948 წლის გადაწყვეტილება მიიღო, რამდენიმე დღეში არაბულმა სახელმწიფოებმა ისრაელის წინააღმდეგ დაიწყეს ომი და ეს მოხდა რამდენჯერმე. ასეთ ომში გამარჯვებული გამოვიდა ისრაელი. შესაბამისად, დაიკავა ის ტერიტორიები, რომლებიც გაეროს გადაწყვეტილებით მისი არ იყო. ისტორიულად, იქ ებრაელი ხალხი ცხოვრობდა.
საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, ორივე მხარე არის დამნაშავე, მაგრამ აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალია, რომელზეც მე ერთხელ უკვე გავამახვილე ყურადღება. პალესტინელებს არ სურთ სახელმწიფოს შექმნა, რადგან ამ თემაზე სპეკულაცია მათთვის უფრო მომგებიანია. მეორეც, ღაზას სექტორი, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მთლიანად არის დამოკიდებული ისრაელზე.
თუ პალესტინელებსა და არაბებზე მიდგება საქმე, ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზას სექტორში, იორდანეს მარჯვენა სანაპიროზე, თვითონ ისრაელის მკვიდრ ტერიტორიაზე დაახლოებით ორ-ორი მილიონი არაბი ცხოვრობს. პლუს, არაბებს აქვთ წარმომადგენლობა ისრაელის პარლამენტში. ასე რომ, აქ საქმე არაბების დევნა არ არის. აქ საუბარია იმაზე, რომ ისრაელი ებრძვის „ჰამასს“, რომელსაც პროგრამაში უწერია, რომ ისრაელის სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.