„პირველ ყოვლისა, ხელოვნება ჩემთვის არის მეტყველება, ერთგვარი ‘’ ვიზუალური ხმა“. ჩემს შემთხვევაში ეს არის სახვითი ხელოვნება, რომელიც ცხოვრების პარალელურად მიმდინარეობს – აქვს უზარმაზარი სივრცე, სადაც ყველაფერია შესაძლებელი“ – ასე აღწერა ხელოვანმა, გიორგი მახარაშვილმა მოცემულობა, რომელიც მისი ნაწილია.
ის მხატვარია. ხატავს გრძნობებს, ემოციებს, პიროვნების სისუსტეებსა და მის ძლიერ მხარეებს – ყველაფერს, რაც ჩვენთვის ყოველდღიურობაა, იქნება ეს ცნობიერი თუ ჩვენთვის ჯერ კიდევ აუხსნელი. საკუთარ ნამუშევრებზე, მათ შინაარსსა და მნიშვნელობაზე, გიორგი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
რას გამოხატავთ თქვენი ნამუშევრებით?
ჩემი ნამუშევრებით ვცდილობ, ვაჩვენო ის სულიერი და ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის, სიმბოლოს ან მითოლოგიური არსების შიგნით, ხანდახან არაკონკრეტული პერსონაჟის ან რაიმე ძველი ნაგებობის შიგნით. მსურს, ვაჩვენო ფიქრის ვიზუალური ძეგლი, ის შინაარსობრივი ინფორმაცია, რომელიც ხანდახან ლეგენდის ფორმით ან რწმენის ფორმით მეტაფორულად თუ ზოგადი ცხოვრების გამოცდილებით ჩამოგვიყალიბდა გონებაში – ის ფასეულობები, რომლებსაც მნიშვნელობას ვანიჭებთ იდეის დონეზე ან ინფორმაციის დონეზე ჩამჯდარია ჩვენს ცნობიერებაში.
რა გაძლევთ შთაგონებას?
უამრავი მდგომარეობაა, რომელმაც შეიძლება, მომცეს შთაგონება. როცა კონცენტრირებული ხარ რაიმე იდეის შექმნაზე, მეტად უკვირდები იმ უხილავ შინაარსებს, რომლებიდანაც შეიძლება, საინტერესო ვიზუალი დაიბადოს. ეს შეიძლება, იყოს ნაწარმოები, საუბარი ან ადგილი, სადაც ვიმყოფები.
როგორია თქვენი მხატვრული ხედვა?
ჩემი მხატვრული ხედვით მსურს, გავხადო ფიქრი ვიზუალური, რომელშიც თავმოყრილი იქნება ის სულიერი კავშირები, რომლებიც ადამიანებს აკავშირებთ, სხვადასხვა ვიზუალურ ხედვაში გვაერთიანებს.. ასევე, არ მინდა, იყოს ეს რაიმე კონკრეტული პიროვნება ან ხედვა. მსურს, ჩემი ნამუშევრები იყოს ვიზუალურად რეალური, თუმცა, შინაარსობრივად მერყეობდეს რეალურსა და ამოუცნობს შორის, მთელი თავისი შინაგანი პროცესების ერთობლიობით
ხელოვნების სხვა მიმართულებითაც თუ ხართ დაინტერესებული?
ხელოვნებაში უამრავი სფეროა, უფრო მეტად იმ შინაარსობრივ გამოხატვას ვუკვირდები, რომელიც ამართლებს ფორმას, როგორც არის გამოხატული ესა თუ ის ნაწარმოებია თუ ნამუშევარი. ფერწერის გარდა, საინტერესოდ მიმაჩნია ქანდაკება მონუმენტური მხატვრობა, კედლის მხატვრობა, რომელთანაც უშუალო შეხება მქონია.
რა მასალას ანიჭებთ უპირატესობას ტილოს დაწერისას?
ძირითადად, ვმუშაობ ზეთის საღებავით, რადგან ის ყველაზე მეტ სიღრმეს იძლევა, რაც ჩემს ამოცანებს ყველაზე მეტად ეხმაურება.. თუმცა, ასევე, ვაკეთებ ექსპერიმენტებს, რაშიც ვიყენებ როგორც აკრილს, ასევე, სხვადასხვა ფაქტურას.
რას გასწავლით მხატვრობა – რამდენად დიდ როლს თამაშობს ნიჭი მხატვრობაში?
მე ვფიქრობ, ხელოვნების ყველა დარგი საჭიროებს ბევრ ფიქრს, მეტ დაკვირვებას და სხვანაირ გააზრებას, გარდა იმისა, რომ გვანვითარებს კონკრეტულ სფეროში ტექნიკურად, ასევე გვავითარებს პიროვნულად. რაც მეტ ხანს ხარ ამ სფეროში, მით მეტ პარალელს ხედავ ცხოვრებასთან, რასთან გაქვს საქმე – როგორია შენი მდგომარეობა ცხოვრებაში მსგავსად, როცა ნამუშევარს უყურებ შორიდან და გინდა – მთლიანი სურათი აღიქვა მთელი სისავსით.
ნიჭი მნიშვნელოვანია – ვფიქრობ, სათავეა ამ სამყაროში ჩასაძიებლად .. თუმცა, ყველაფერს ნიჭს ვერ მივაწერდი. ასევე მნიშვნელოვანია ამ იარაღის სწორად მიმართვა, განვითარება, ამოყვანა – რათა დავინახოთ, რა იმალება მასში (ჩვენში).. დიდი ხანია, ვასწავლი სამხატვრო აკადემიაში, სადაც უამრავი ნიჭიერი სტუდენტი გადის ამ პროცესებს. სწავლობენ, ეუფლებიან ტექნიკურ მხარეებს მხატვრობის, ყველაზე ხშირი – რასაც ვამბობ, ის არის, რომ: ‘’ხატვა არის ფიქრი’’. ფიქრი ავითარებს ტექნიკასაც და პიროვნებასაც, შემდგომ ის ვნება – რომელიც მასშია, მიეცემა ხელს. ნიჭი და მხატვრის მოუსვენრობა, რომ უნდა აკეთოს, ქმნის ერთიანობას – რომელიც ერთად მუშაობს.