„პლატფორმაზე მუშაობის იდეა დაიბადა 2019 წელს და მას შემდეგ ვფიქრობ მის რეალიზებას, რამდენიმე თვის წინ კი იდეა ფურცლებზე გადმოვიტანე, შევკრიბე საჭირო ხალხი და დავიწყეთ მუშაობა. ELCHI.GE-ზე თითოეულ ემიგრანტს ეყოლება პირადი ელჩი, აქ თქვენ შეძლებთ, ერთი ფანჯრის პრინციპით მოიძიოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველს შეიძლება, დასჭირდეს. მიიღებთ გზამკვლევს, თუ როგორ შეგიძლიათ, ისწავლოთ საზღვარგარეთ, როგორ დაძლიოთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული ბიუროკრატიული პროცესები, ასევე, გაეცნობით საზღვარგარეთ მყოფ წარმატებულ ქართველებს, შეიტყობთ მსოფლიოში არსებულ ქართულ ბიზნესზე და მიიღებთ სხვა სახის ყველა საჭირო დახმარებას“ – ამის შესახებ გიორგი პაპავამ „თბილისი თაიმსთან“ ისაუბრა. მან მკითხველს ძალიან საინტერესო და საჭირო სიახლის შესახებ უამბო. იდეა განხორციელების პროცესშია და შესაბამისი გუნდი დგამს ნაბიჯებს, რათა ყველა დეტალი იყოს მაქსიმალურად ნაყოფიერი, ემიგრანტების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული. უფრო დეტალურად, საკუთარი პროექტის შესახებ, გიორგი თავად გვიყვება.
რა მიზნით დაარსდა ის და რას ითვალისწინებს?
როგორც ოჯახის, ასევე სამშობლოს წინაშე ყველა მოქალაქეს გვაქვს ვალდებულება, რომ ჩვენი წვლილი აგური დავდოთ ქვეყნის განვითარებაში. ვინაიდან ემიგრაცია ჩემთვის საკმაოდ რთული და ამავდროულად ახლო საკითხია, ისევე როგორც უამრავი ქართველისთვის, გადავწყვიტე, შემექმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც გავაძლიერებდი ქართულ დიასპორას. ზუსტად ვხვდები, რა სჭირდება დღევანდელ საქართველოს, რა თქმა უნდა, ძლიერი დიასპორა! რაც უნდა რთულად და უხერხულად ჟღერდეს, ფაქტია, რომ სადღეისოდ საქართველოს დიდი ნაწილი ემიგრანტების ზურგზე დგას, შესაბამისად, მხოლოდ სახელმწიფოსკენ არ უნდა გავიშვიროთ ხელი და ჩვენ, უბრალო მოქალაქეებმაც უნდა შევიტანოთ წვლილი დიასპორის გაძლიერებასა და განვითარებაში, სწორედ ჩვენი ემიგრანტები არიან საქართველოს ნამდვილი ელჩები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახეს წარმოადგენენ, ამიტომ, მათი განვითარება და ინფორმირება ჩვენი ვალდებულებაა. ამ მიზნის განხორციელებამდე კი ახალგაზრდა ელჩის მანდატმა მიმიყვანა, სადაც მივიღე ის გამოცდილება, რაც ჩემი სოციალური პროექტის შექმნისთვის მჭირდებოდა.
როგორი გამოხმაურება მოჰყვა სიახლეს და როდის იქნება ხელმისაწვდომი?
საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მოყვა elchi.ge-ს დაანონსებას და უკვე ელოდებიან საიტის გაშვებას, მაგრამ ვინაიდან ეს ყველაფერი მოითხოვს საკმაოდ დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსს, ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როდის იქნება elchi.ge ხელმისაწვდომი.
პარალელურად, ვმუშაობთ დაფინანსებების მოპოვებაზე, რაც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვინაიდან ეს არის სოციალური სახის პლატფორმა, რომელიც არ არის გათვლილი ფინანსურ სარგებელზე.
ამ ეტაპზე, რა კონკრეტულ სიახლეზე მუშაობთ, პლატფორმის ჭრილში?
ამ ეტაპზე, დაწყებული გვაქვს მუშაობა საიტის პროტოტიპის შექმნაზე, რაც ნიშნავს, რომ ვქმნით ე.წ. მომავალი საიტის “ჩონჩხს”, რაც გვიჩვენებს ბლოკებისა და ელემენტების მდებარეობას, რომელიც იძლევა წარმოდგენას, თუ როგორ ურთიერთქმედებს მომხმარებელი მათთან, აღნიშნული სქემის საფუძველზე კი პარალელურად ვმუშაობთ დიზაინსა და ბრენდინგზე.