საძინებელი ის ადგილია, სადაც ჩვენი დღე იწყება და სრულდება, შესაბამისად, არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახი სწორედ ის არის. ვინაიდან ჩვენი დღისა და ღამის ყველაზე პირადულ, ბედნიერ თუ სევდიან მომენტებს საძინებლებში ვატარებთ, მათ სწორად მოწყობაზეც ბევრი უნდა ვიფიქროთ – ისევ და ისევ ჩვენი კომფორტისთვის. ბლოგში რამდენიმე რჩევას მოგცემთ, მათგან თითოეულზე ალბათ აქამდეც გიფიქრია, მაგრამ არც გამეორება იქნება ურიგო.
შეისწავლე შენი ოთახი
სანამ საოცნებო საძინებლის შენებას დაიწყებდე, ჯერ სწორად შეაფასე, რამდენის საშუალებას გაძლევს შენი ოთახი. ყველაზე მნიშვნელოვანი ოთახის პროპორციების ცოდნაა, მით უმეტეს, თუ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ საძინებელი პატარაა. გაზომე სიგრძე, სიგანე, ჭერის სიმაღლე, ფართობი. კარგად დაათვალიერე ჭერი, კედლები და იატაკი და ნახე, რაიმე ხომ არაა დაზიანებული. თუ არასტანდარტულ ბინაში ცხოვრობ, შეიძლება, ოთახშიც რამდენიმე უცნაურობა გქონდეს, მაგალითად, დახრილი ჭერი ან პაწაწინა ფანჯარა. ერთი სიტყვით, სანამ ოთახის გარდასახვას დაიწყებ, ჯერ კარგად გაიცანი იქაურობა და დაგეგმვაზე შემდეგ გადადი.
შეარჩიე ხასიათი და განწყობა
ვაღიაროთ, რომ საძინებელი პირადი სივრცის საუკეთესო განსხეულებაა. ამიტომაც, თუ დიზაინი შენს ხასიათს არ ერგება, შეუძლებელია იქ თავი კომფორტულად იგრძნო. საძინებლის დიზაინის შერჩევამდე შეგიძლია შენს თავს პატარა ინტერვიუ მოუწყო: რომელია ჩემი საყვარელი ფერი? კაშკაშა განათება მირჩევნია თუ ნაკლებად ინტენსიური? მინიმალისტი ვარ თუ მაქსიმალისტი? ვინტაჟური ავეჯი უფრო მომწონს თუ თანამედროვე? რაც უფრო მეტ კითხვას დაუსვამ შენს თავს, მით მეტად გაგიმარტივდება საძინებლის მოწყობაც და შენი მომავალი თავი მადლობასაც არაერთხელ გადაგიხდის.
დაათვალიერე ონლაინ
თუ ოთახის მოწყობაზე ფიქრობ, ეს ალბათ ათასჯერ გაგიკეთებია, თუ არა – არც ახლაა გვიანი. ინტერნეტში უამრავი მასალაა, რაც ოთახის მოწყობაში დაგეხმარება. თუ კარგად მოძებნი, შენი გემოვნების დასადგენ ტესტებსაც კი იპოვი და პირადი ინტერვიუს ჩატარებაც არ დაგჭირდება. თანაც, ვიზუალური მასალა უფრო ხელშესახებია და შენ მიერ დაქირავებული ხელოსანიც მაგალითის მიხედვით უკეთ შეასრულებს საქმეს.
შეარჩიე იატაკი, კედლები და ავეჯი
მას შემდეგ, რაც ოთახის მონაცემებს დეტალურად შეისწავლი, სასურველ ხასიათსაც დაადგენ და ინტერნეტში ინსპირაციას იპოვი, დროა, საქმეზე გადახვიდე და იატაკის, კედლებისა და ავეჯის შერჩევა დაიწყო. ამ ნაწილს ყველაზე დიდი დრო მიაქვს – მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით შეიძლება იცოდე, რას ეძებ, ავეჯისა და სამშენებლო მასალების მაღაზიები უამრავ განსხვავებულ პროდუქტს გთავაზობენ, რაც თავისთავად იწვევს დაბნეულობას. მაგრამ შეახსენე შენს თავს, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ შენი კომფორტისთვის აკეთებ და მოტივაცია წამსვე დაგიბრუნდება. შეგიძლია, პროდუქცია ონლაინ მაღაზიებში დაათვალიერო და გამოიწერო. თუ შენი თვალით გსურს ავეჯისა და მასალების ნახვა, ხელით მოსინჯვა და თავიდან ბოლომდე გამოკვლევა, არც ესაა პრობლემა – შოურუმებში სტუმრობისთვის რამდენიმე დღე გამოყავი და ყველაფერი იდეალურად იქნება.
იზრუნე განათებაზე
გახსოვს, კაშკაშა განათება რომ ვახსენეთ ზევით? რატომღაც ბევრ ჩვენგანს ავიწყდება, თუ რამდენად დიდი როლი აქვს სწორად შერჩეულ განათებას საძინებლის და საერთოდ ნებისმიერი ოთახისთვის. სინათლე განწყობაზე პირდაპირ მოქმედებს და, ამის გარდა, დიზაინერები ამბობენ, რომ ძალიან ძლიერი იარაღია სივრცის ჩვენი სურვილისამებრ გარდასაქმნელად. ცივ და თბილ განათებას შორის, როგორც წესი, საძინებლისთვის თბილს ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას, რადგან უფრო მყუდრო და კომფორტულია, მაგრამ, ცხადია, ცივი განათებაც იდეალურად შეგიძლია მოარგო ოთახის ინტერიერს.
გახადე ოთახი უფრო პერსონალური
დაბოლოს, არ დაგავიწყდეს, ოთახი უფრო პერსონალური გახადო და შენი საყვარელი ნივთები, მოგონებები აქეთ-იქით მიმოაბნიო. ამისთვის უამრავი რამ შეგიოძლია გამოიყენო: ფოტოები, დეკორაციები, საყვარელი საჩუქრები, ტანსაცმელი, უბრალო ნივთები, რომლებიც გამორჩეულად გიყვარს და ა.შ.