მიუხედავად იმისა, რომ მრავალ ჩვენგანს ფუტკრის ნესტართან მწარე გამოცდილება გვაქვს, მათი ეს იარაღი შეიძლება იმაზე მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ უსიამოვნება. ახალი ლაბორატორიული კვლევები აჩვენებს, რომ ფუტკრის შხამში აღმოჩენილ მოლეკულას შეუძლია ჩაახშოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კიბოს უჯრედების ზრდა.
კვლევა ფოკუსირებული იყო ძუძუს კიბოს გარკვეულ ქვეტიპებზე, მათ შორის ძუძუს სამმაგ ნეგატიურ კიბოზე (TNBC), რომელიც წარმოუდგენლად აგრესიულია და მის წინააღმდეგ მკურნალობის დიდი არჩევანიც არ არის.
ძუძუს კიბოების 15 პროცენტი ძუძუს სამმაგ ნეგატიურ კიბოზე მოდის. მრავალ შემთხვევაში, მისი უჯრედები მოლეკულას, სახელად EGFR-ს, იმაზე დიდი რაოდენობით წარმოქმნის, ვიდრე ჩვეულებრივი უჯრედები. ამ მოლეკულის მიზანში ამოსაღებად პრეპარატების შექმნის ყოველი წინა მცდელობა არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ისინი უარყოფითად მოქმედებდნენ ჯანმრთელ უჯრედებზეც.
მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) შხამმა უკვე აჩვენა პოტენციალი სხვა სამედიცინო თერაპიებში, მაგალითად, ეგზემას მკურნალობაში; ასევე ცნობილი იყო, რომ აქვს სიმსივნის, მათ შორის მელანომას საწინააღმდეგო გარკვეული თვისებები. თუმცა, გაურკვეველი რჩებოდა, როგორ მოქმედებს ის სიმსივნეების წინააღმდეგ მოლეკულურ დონეზე. ამჯერად, ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯი გადაიდგა წინ.
საკუთარ პათოგენებთან საბრძოლველად, ფუტკრები იყენებენ მელიტინს — მოლეკულას, რომელიც მათი შხამის ნახევარს შეადგენს და რაც მათ ნაკბენს საკმაოდ მტკივნეულს ხდის. მწერები ამ პეპტიდს აწარმოებენ არა მხოლოდ შხამში, არამედ ქსოვილებშიც, სადაც ის ინფექციების საპასუხოდ გამოიყენება.
ამ მოლეკულის შესასწავლად, მკვლევრებმა ლაბორატორიაში გამოზრდილი კიბოს უჯრედები და ჩვეულებრივი უჯრედები დაამუშავეს ირლანდიური, ინგლისური და ავსტრიული მეთაფლია ფუტკების შხამით და ინგლისური ბაზის (ფუტკრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, Bombus terrestris) შხამით.
აღმოჩნდა, რომ ბაზის შხამს, რომელიც არ შეიცავს მელიტინს, მაგრამ აქვს უჯრედის პოტენციური მკვლელი სხვა საშუალებები — მცირე ეფექტი ჰქონდა ძუძუს კიბოს უჯრედებზე, მაგრამ სრულიად სხვანაირი აღმოჩნდა მეთაფლია ფუტკრის შხამი ზემოთ ხსენებული ყველა ადგილიდან.
„შხამი უკიდურესად ძლიერმოქმედი იყო. აღმოვაჩინეთ, რომ მელიტინს შეუძლია 60 წუთში მთლიანად გაანადგუროს კიბოს უჯრედის მემბრანა“, — ამბობს ჰარი პერკინსის სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის მკვლევარი კიარა დაფი.
როდესაც მელიტინი ანტისხეულით დაბლოკეს, კიბოს უჯრედები შხამს გადაურჩა, რითაც დამტკიცდა, რომ შხამის კომპონენტი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ადრეული ცდების შედეგებზე, ნამდვილად მელიტინია.
ამ ყველაფერში საუკეთესო ამბავი კი ის არის, რომ მელიტინს მცირე გავლენა აქვს ჩვეულებრივ უჯრედებზე, კონკრეტულად კი მიზანში ამოღების უჯრედებზე, რომლებიც აწარმოებენ დიდი ოდენობით EGFR-სა და HER2-ს — კიდევ სხვა მოლეკულებს, რომლებსაც ჭარბად წარმოქმნიან ძუძუს კინოს გარკვეული ტიპები; მელიტინმა სრულიად მოშალა კიბოს უჯრედების გამრავლების უნარიც.
„ეს კვლევა წარმოაჩენს, როგორ აბრკოლებს მელიტინი სასიგნალო გზებს ძუძუს კიბოებში, რითაც ამცირებს უჯრედების გამრავლებას“, — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის უფროსი მეცნიერი პიტერ კლინკენი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
უფრო მყარი დასკვნისთვის, ჯგუფმა ასევე დაამზადა მელიტინის სინთეთიკური ვერსია, რაღა ენახათ, რამდენად განსხვავებული იქნებოდა მისი მოქმედება რეალური მელიტინისგან.
დაფის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სინთეთიკურმა პროდუქტმა ფუტკრის შხამის კიბოსსაწინააღმდეგო თვისებათა უმეტესობა გაიმეორა.
ამის შემდეგ, დაფიმ და მისმა ჯგუფმა თაგვებში შეამოწმეს მელიტინისა და ქიმიოთერაპიის პრეპარატების ერთობლივი მოქმედება. ექსპერიმენტულმა მკურნალობამ შეამცირა იმ მოლეკულების რაოდენობა, რომლებსაც კიბოს უჯრედები იმუნური სისტემისგან თავის დასაღწევად იყენებენ.
„დავადგინეთ, რომ ძუძუს კიბოს ძლიერ აგრესიული ტიპების სამკურნალოდ, მელიტინის გამოყენება შესაძლებელია პატარა მოლეკულებად ან ქიმიოთერაპიის სახით, მაგალითად, პრეპარატ დოცეტაქსელში. თაგვებში სიმსივნის ზრდის შესამცირებლად წარმოუდგენლად ეფექტიანი აღმოჩნდა მელიტინისა და დოცეტაქსელის კომბინაცია“, — განმარტავს დაფი.