„ციტრამონი“ ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მისი მიღება რეკომენდებული ყველასთვის და ყოველთვის სულაც არ არის. რა უნდა ვიცოდეთ „ციტრამონზე“ და როდის უნდა შევიკავოთ თავი მისი გამოყენებისაგან? თემაზე “ფეისბუქის” საშუალებით ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
“ციტრამონი“ კომბინირებული პრეპარატია, რომელიც რამდენიმე მედიკამენტს შეიცავს. ესენია: აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე „ასპირინი“|, კოფეინი და „პარაცეტამოლი“. „ციტრამონს“ იყენებენ თავის, კბილის, მენსტრუალური ტკივილის, ასევე ცხელების დროს. „ციტრამონი“ თითქმის ყველაფერზე გამოიყენება, რადგან ხელმისაწვდომია და ურეცეპტოდ გაიცემა. თუმცა არსებობს ადამიანების 5 კატეგორია, ვისთვისაც „ციტრამონის“ მიღება რეკომენდებული არ არის.
1. ბავშვები – „ციტრამონი“ ბავშვებში კატეგორიულად არ გამოიყენება, რადგან „ციტრამონი“ შეიცავს „ასპირინს“, ანუ აცეტილსალიცილის მჟავას, რომელიც აშშ-ში 19 წლამდე ასაკში არის აკრძალული და ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკში . აშშ-ში 19 წლამდე პირებისათვის აცეტილსალიცილის მჟავის შემცველი ნებისმიერი მედიკამენტის მიყიდვა აკრძალულია, რადგან მათი მოხმარებისას შეიძლება განვითარდეს ძალიან მძიმე დაავადება – რეის სინდრომი. „ასპირინის“ ზემოქმედებით ბავშვის ღვიძლი ზიანდება, რაც სისხლში ამიაკის დაგროვებას იწვევს. შედეგად ვიღებთ თავის ტვინის შეშუპებას. რეის სინდრომის სიმპტომებია გამონაყარი ხელისგულებზე, ღებინება, რასაც შემდეგ ჯერ ცნობიერების დათრგუნვა და კრუნჩხვები, ბოლოს კი კომატოზური მდგომარეობა მოსდევს. რეის სინდრომისას ლეტალობის რისკი 30%-ია, დანარჩენ 70%-ში კი მაღალია ნევროლოგიური პრობლემების განვითარების რისკი. ასე რომ, თუ ბავშვს სიცხე აქვს, მიეცით „იბუპროფენი“ ან „პარაცეტამოლი“, და არა „ციტრამონი“.
2. ადამიანები კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულით და კუჭ-ნაწლავის პრობლემებით – როცა კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადება გვაქვს, „ციტრამონი“ არ უნდა მივიღოთ, რადგან „ასპირინი“ იწვევს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკირებას, რის შედეგადაც კუჭში აღარ ხდება დამცავი ლორწოვანი გარსის ფორმირება. თუ პაციენტს აქვს გასტრიტი ან წყლული, მდგომარეობა გართულდება, შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, ღებინება და ა.შ. კუჭისთვის პრობლემურია „პარაცეტამოლიც“, რომელიც „ციტრამონში“ შედის. თუ მეტი გზა არ არის და მაინც ვიღებთ „ციტრამონს“, ის აუცილებლად საკვების მიღების შემდეგ უნდა მივიღოთ და მასთან ერთად შესაძლოა დაგვჭირდეს „ომეპრაზოლის“ ან კუჭის სხვა დამცავის გამოყენება.
3. პაციენტები ღვიძლის დაავადებებით – თუ გაქვთ ჰეპატიტი, ციროზი ალკოჰოლური ფონით და ა.შ., ამ შემთხვევაში არ არის სასურველი „ციტრამონის“ მიღება. რადგამ მასში შემავალი „პარაცეტამოლის“ მეტაბოლიტი NAPQI ღვიძლისათვის ერთ-ერთი ყველაზე ტოქსიკური ნაერთია. მან შეიძლება ღვიძლის ფერმენტების მომატება და ღვიძლის უკმარისობის დამძიმება გამოიწვიოს.
4. პაციენტები ვინც გარკვეულ მედიკამენტებს მოიხმარს
– თუ თქვენ იყენებთ კრუნჩხვების საწინააღმდეგო და საძილე საშუალებებს, ან თუ მოიხმართ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც ნერვულ სისტემაზე ახდენენ გავლენას, „ციტრამონის“ მიღება თქვენთვის რეკომენდებული არ არის.ასევე, თუ გაქვთ პოდაგრა, ხართ ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში, მაინც ჯობია ერიდოთ „ციტრამონს“.
5. პაციენტები ბრონქული ასთმით – თუ გაწუხებთ ბრონქული ასთმა, „ციტრამონის“ მიღება თქვენთვის ნაკლებ სასურველია, რადგან „ასპირინი“ ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ბლოკავს არა მხოლოდ კუჭში, არამედ სასუნთქ გზებშიც, რაც სასუნთქი გზების შევიწროებას და ასთმის დამძიმებას იწვევს.
სხვა შემთხვევებში, თუ არ მიეკუთვნებით ზემოაღნიშნულ ჯგუფებს და „ციტრამონს“ იღებთ, მისი დღიური დოზა არ უნდა იყოს 6 ტაბლეტზე მეტი.