5 იანვარს, ქართველების გამორჩეული მეგობარი და საყვარელი მომღერალი კაკული გურიელაშვილი ისრაელში გარდაიცვალა. ბატონო კაკული ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ წონაში დაიკლო, ჰქონდა ტკივილები და ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი, მას შემდეგ, თითქმის ოთხი წელი იცოცხლა.
“იცოცხლა ისე, რომ არავინ შეუწუხებია. არასოდეს საუბრობდა თავის ავადმყოფობაზე, არ უნდოდა, რომ საყვარელ ადამიანებს ენერვიულათ”, – ამბობს მომღერლის უფროსი ვაჟი მიშელ გურიელაშვილი.
– მიშელ, როგორ გრძელდება ცხოვრება ბატონი კაკულის გარდაცვალების შემდეგ?
– ძალიან რთულია, ჩვენი ოჯახის, ცხოვრების მთავარი ძალა, ენერგია მამაჩემი იყო. ახლა თავიდან ვსწავლობთ სიარულს. ვიცით, რომ გარდაიცვალა, ამას ვეგუებით ნელ-ნელა, მაგრამ ის ჩვენთვის არასოდეს მოკვდება. გაურკვევლობაში ვართ ჯერ ისევ…
– ბოლო წლებში ავადმყოფობდა, წონაშიც დაიკლო… როდის დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი?
– 2020 წლის 2 მარტს. ძალიან მარტივად შეეგუა მომხდარს, მაგრამ სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოლა. ცხოვრების დარჩენილი პერიოდი მაქსიმალურად ებრძოდა ამ სენს. ფიქრობდა, რომ ადამიანი ბედისწერას ვერ გაექცეოდა და ვიდრე სული პირში მიდგას, ბოლომდე ვიცხოვრებ თქვენთან ერთადო. მართლაც, ბოლო წამამდე ისე იცხოვრა, დიდი სიყვარულით და ხალხთან ერთად. როდესაც დაავადების შესახებ გავიგეთ, ექიმებმა გვითხრეს, რომ ოთხი თვე ჰქონდა დარჩენილი. ექიმს ვუთხარი, დაანებეთ მაგ ციფრებს თავი, ნახავთ, რომ ყველანაირ რეკორდს მოხსნის-მეთქი. როდესაც გვეუბნებოდნენ, რომ ურთულესი სიტუაცია იყო, მამა მაინც იმედიანად იყო…
– ისრაელის სამედიცინო სისტემა გამორჩეულია მსოფლიოში… მანდ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდის ხალხი სამკურნალოდ. რა მოხდა მამას შემთხვევაში, დაგვიანებული იყო მკურნალობა?
– სამწუხაროდ. გვიან გავიგეთ, უკვე მეოთხე სტადია ჰქონდა. თან გააჩნია, რომელი სიმსივნეა, ამასაც აქვს მნიშვნელობა. თან მამამ მართლაც ყველა რეკორდი დაამყარა, არანაირ მნიშვნელობას არ აძლევდა ამ დაავადებას, მოგზაურობდა, საქართველოშიც იყო რამდენიმეჯერ ჩამოსული. სამწუხაროდ, ექიმებმა გვითხრეს, – ისეთ მომენტში აღმოვაჩინეთ დაავადება, რომ ვერაფერს ვუშველითო.
– მიშელ, პროდიუსერი გია გოგორიშვილი ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, – ბოლო დროს ტკივილები ჰქონდა, მაგრამ არავის აგრძნობინებდა. იდგა სცენაზე და მღეროდა ძველებურადო…
– მამა ყოველთვის ამბობდა, ყველა მოწუწუნე კაცის დედაო… როცა სტკიოდა, ჩუმად მეტყოდა, აბა, წავედითო… მართლაც სიმღერით ცხოვრობდა და ხალხის სიყვარულით. ეს იყო მისი ჟანგბადი. ისრაელში ომი რომ დაიწყო, ამან ძალიან იმოქმედა, ნერვიულობდა, ცუდად გახდა, ვერც მღეროდა, ვის ემღერებოდა, არადა, მისი ჟანგბადი სიმღერა იყო.
– განსაკუთრებულად უყვარდა საქართველო და აქაც გამორჩეულად ხვდებოდნენ. იწვევდნენ კონცერტებზე, ტელევიზიებში. თქვენც ძალიან კარგად საუბრობთ ქართულად, მამამ შეგაყვარათ საქართველო?
სტატია სრულად: