მერაბ კაშია სამტრედიიდან თბილისში 2000-იან წლებში ჩამოვიდა, თუმცა საქართველოში უკვე იცნობდნენ, როგორც ქართული ფანოღის მეფეს. მისი სიმღერები “მოვალ, მოვალ ვაკის პარკში”, “მინდა გაგებუტო ხანდახან,“ “სოფო, სოფო, სოფო, სოფიკო“ და უამრავი სხვა უკვე ამ ჟანრის ჰიტები იყი.
მას შემდეგ წლები გავიდა, მაგრამ ამბობს, რომ საკუთარი მორიდებულობის ბრალია, რომ დღეს მერაბ კაშია იშვიათად ჩანს. ახლა გლდანში ცხოვრობს, მეუღლესთან, შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. საღამოობით დუქანში მღერის, ხელფასი არ აქვს, მაგრამ “შაბაშების“ იმედად, კმაყოფილია, რომ თამბაქოს ფული მაინც აქვს…
– ბატონო მერაბ, როგორ ხართ, როგორ ცხოვრობთ?
– ვცხოვრობ ნელ-ნელა, პატარა დუქანში ვმუშაობ, ვერთობი. ანაზღაურება არ მაქვს, თუ ვინმე რამეს მაჩუქებს “შაბაშის“ სახით, ეგ არის. ხელფასი არ მაქვს. ეს არის მხოლოდ ჩემი შემოსავალი. ჩემი სიმღერებით ბევრმა ფული იშოვა, მაგრამ მე ხანდახან სიგარეტის ფულიც არ მაქვს.
– პერიოდულად ტელევიზიებშიც გიწვევენ.
– მივდივარ, ვიმღერებ მოვდივარ. მე არაფერი არ მაქვს მაქედან. ან ჩემი სიმღერების შესრულებაზე ვინ მეკითხება რამეს. ზოგი კი მეკითხება, მირეკავს, თქვენს გარეშე არ მინდოდა და შეიძლება ვიმღეროო. შეასრულე ვეუბნები ხოლმე, არავის არაფერს ვთხოვ.
– როგორც ვიცი, თქვენი ცნობილი ჰიტების ავტორი თავად ხართ.
– დიახ, მე ვარ ტექსტისა და მუსიკის ავტორიც. საავტორო უფლებათა ასოციაციაშიც ვიყავი გაწევრებული, სამ თვეში ერთხელ 300 ლარს მირიცხავდნენ, პანდემიის დროს არც იმას მირიცხავდნენ და გამოვედი. ბავშვობიდან თავმდაბალი ვარ, ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე, თაობები აღვზარდე.
– ისეთი რესტორნიდან არ გქონიათ შემოთავაზება, სადაც ხელფასს დაგინიშნავდნენ?
– არა, ამ დუქანშიც რომ ვარ, მადლობელი ვარ. ორი წელი სრულიად უმუშევარი ვიყავი, აივანზე ვიჯექი და თუთუნს ვაბოლებდი. ახლა სიგარეტს მაინც ვეწევი, მაგის ფულს ვშოულობ.
– ოჯახზე მოგვიყევით.
– მყავს მეუღლე და ორი შვილი – გოგონები. ერთი გერმანიაში ცხოვრობს, მეორე თბილისში მასწავლებელია. ორი შვილიშვილი მყავს – გოგონები, ჩემი მეუღლეც მუშაობს. ვცხოვრობთ რა.
– ბინა მაინც გაქვთ, თუ ქირით ცხოვრობთ?
– ერთი ეგ მოვასწარი, რომ ბინა ვიყიდე. ორიათას წელში ჩამოვედი თბილისში, მაშინ ფული იშოვებოდა, 100 ლარს ფულად არ ვთვლიდი, მიყვარდა, ღვინო, დუდუკი, ქალები, მაგრამ პირველ რიგში მაინც ოჯახია. მეუღლემ კი იცოდა ქალები რომ მიყვარდა, ახლაც მიყვარს, მაგრამ ახლა სად არის საშუალება. ადრე რესტორნის წინ ორი ტაქსი მელოდებოდა.
– რატომ ვერ შეინარჩუნეთ პოპულარობა?
– პატრონი არ მყავდა. რომ ბნელოდა და სინათლე არ იყო, “ვესნა“ მაგნიტოფონი მქონდა და სიმღერებს ვწერდი. ახლა აღარ ვწერ სიმღერებს, მაგრამ მიხარია, რომ ახალგაზრდებს უყვართ ჩემი სიმღერები. “იუთუბზე” არცერთი ჩემი სიმღერა ჩემი ატვირთული არ არის, არადა, თურმე ვინც ტვირთავს, ის ხალხი შოულობს ფულს. სულ არ ვიცოდი, რომ აქედანაც ფული იშოვებოდა. არც ის ვიცი, როგორ უნდა ავტვირთო იქ ვიდეო.
– დახმარება არავის შემოუთავაზებია? ტელევიზიებშიც ხომ გიწვევენ…
– მასე კი მიწვევდნენ, “იმედში“ რომ ვიყავი, მე და ფაქომ დუეტი ჩავწერეთ, მილიონი ნახვა ჰქონდა იმ სიმღერას და მე “მარშრუტკით” წამოვედი შინ. ნაბახუსევი ვიყავი და ლუდის ფულიც არავინ მომცა. ახლა გლდანში ვმღერი “გივის დუქანში“, ისეთი კარგად მხვდება ხალხი, ვუყვარვარ და მაფასებს. პირველ რიგში როგორც პიროვნებას, ადამიანს მაფასებენ. ძალიან პოპულარულია “მინდა გაგებუტო“, “ოდა შემირიგდი გოგო“, “ძია კაცო გაბრაზებით რად მიყურებ.“
ვრცლად: ambebi.ge