პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ხელისუფლების პასუხის “დროულობითა და სისრულით” უკმაყოფილოა.
“ეს საკითხი ბოლო დროს ფართო განხილვის საგნად იქცა. ისიც მესმის, რომ ადამიანების ნაწილი, რომელსაც თავისი გაცილებით მძიმე დანაშაული აქვს დასამალი, ახლა ამ თემაზე ბევრს საუბრობს და სპეკულირებს, მაგრამ აქვე ვაცხადებ – არ აქვს მნიშვნელობა ვინ სვამს კითხვას, თუნდაც ეს იყოს ის, რომელსაც ათჯერ, ასჯერ რთული პრობლემა აქვს ქვეყნის წინაშე, კანონის წინაშე, სასამართლოს წინაშეც – ყველა კითხვას უნდა გაეცეს მკაფიო და დროული პასუხი ხელისუფლების მხრიდან. მე პირადად მთლად კმაყოფილი არ ვარ პასუხების დროულობით და სისრულით. იგივე ბატონი მერაბიშვილის პირველი განცხადებიდან საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ძალიან ზუსტი და ამომწურავი პასუხი იმ ორგანოების მხრიდან, ვინც ამ განცხადების თაობაზე მოკვლევას აწარმოებენ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მალე მოხდება”, – განაცხადა უსუფაშვილმა წლის
შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე და იქვე განმარტა, რომ კითხვებზე დროული რეაგირება ქვეყნისთვის არის უკეთესი.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ხელისუფლება მზად უნდა იყოს “პროპაგანდისტული შეტევებისთვის”.
“სრულიად აშკარაა ბოლო პერიოდის პროცესებში გარკვეული ორგანიზებულობის კვალი, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მერაბიშვილს, უგულავას, ახალაიას იმხელა რაღაცას ვედავებით, იმხელა ბრალდებებია მათ წინააღმდეგ წარდგენილი, რომ ისინი იმის მეათედის ჩამდენებიც რომ იყვნენ, მათგან მოსალოდნელია ათჯერ მეტი ასეთი პროპაგანდისტული შეტევები მათ შორის ფარცხალაძეზეც და სხვაზეც”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
30.12.13