უბრალოდ: აიხნერი ამას უფრო ადრე რომ მიმხვდარიყო და ზივზივაძისთვის ამ სეზონში თავიდანვე მიეცა მეტი დრო, ბუდუს ახლა, დიდი ალბათობით, გაცილებით მეტი გოლი ექნებოდა და შესაძლოა, მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც ებრძოლა.
ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვამბობთ და ახლავე აგიხსნით, რატომაც.
ბუდუმ მეორე ბუნდესლიგის ამ სეზონში 28 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი აქვს (არცერთი პენალტით). 28 მატჩი ბევრად კი ჟღერს, მაგრამ რეალურად, პირველ წრეში უმეტესად შეცვლაზე ათამაშებდნენ, ცოტა ხნით.
შესაბამისად, ისე გამოვიდა, რომ თუ მხოლოდ მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით გატანილ გოლებს გავითვალისწინებთ, ბუდუ მეორე ბუნდესლიგაში, 32 ტურის შემდეგ მხოლოდ ერთადერთ ფეხბურთელს ჩამორჩება და მეორე ადგილზეა (“კიკერის” მონაცემების მიხედვით).
🟠 მოკლედ: ზივზივაძეს საშუალოდ ყოველ 110 წუთში ერთხელ გააქვს გოლი და მასზე უკეთესი შედეგი ამ მხრივ მხოლოდ კაიზერსლაუტერნის ფორვარდ რაგნარ ახეს აქვს (გოლი საშუალოდ 106 წუთში ერთხელ).
🟠 მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში ბერლინის ჰერტას გოლეადორი ჰარის ტაბაკოვიჩია 21 გოლით (სხვათა შორის, 3 პენალტით აქვს გატანილი) და წუთების მიხედვით გატანილი გოლებით ბუდუ ზივზივაძეს ისიც ჩამორჩება, რადგან 114 წუთში ერთხელ გააქვს.
🟠 ეფექტიანობის ასეთი გაგებით ზივზივაძეს ასევე ჩამორჩებიან 18 გოლის ავტორი ცოლისი (ფორტუნა), 19 გოლის ავტორი გლატცელი (ჰამბურგი) და ბუდუს თანაგუნდელი მატანოვიჩიც, რომელსაც 14 გოლი აქვს, მაგრამ ჯამში 2 161 წუთში, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ 154 წუთში ერთხელ გააქვს.
🟠 გარდა ამისა: მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირების საუკეთესო ოცეულს თუ გადავხედავთ, მოედანზე ყველზე ცოტა დრო ბუდუ ზივზივაძეს აქვს გატარებული – მხოლოდ 1 209 წუთი.
🟠 მასთან ამ მხრივ ყველაზე ახლოს ჰანოვერის შემტევი სედრიკ ტოიხერტია (1 236 წუთი) და სხვათა შორის, მას 11 გოლიდან 6 პენალტით აქვს შეგდებული. ზოგადად კი, ბომბარდირთა საუკეთესო სამეულში მყოფ ფეხბურთელებს 2 000 წუთზე მეტი აქვთ ნათამაშები – ტაბაკოვიჩს 2 388 წუთი, გლატცელს 2 462 წუთი და ცოლისს 2 185 წუთი.
მოკლედ, ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი თავდამსხმელია და ვინ იცის, რა შედეგი ექნებოდა, KSC-ს მწვრთნელს სეზონის პირველ ნახევარშიც რომ ერწმუნა მისი. მაგრამ ასეთ სტატისტიკებს, როგორც წესი, ყოველთვის აკვირდებიან პირველი ბუნდესლიგის კლუბები და იმედია, არც ბუდუს ასეთი ეფექტიანობა გამორჩათ…
წყარო : europop.ge