სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა, ხელი მოაწერა საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნის, თეიმურაზ ჯერაპოვის შეწყალების აქტს. ეთნიკური ოსი საქართველოს მოქალაქე, თბილისში განთავსებულ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში მუშაობდა.
ჯერაპოვი 2010 წლის აპრილში დააპატიმრეს. ამავე წლის ნოემბერში ცხინვალის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდებაში და 13 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„ასეთი ჰუმანური გადაწყვეტილების მიღებით, რაც კეთილი ნების გამოვლენასა და დადასტურებას წარმოადგენს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლება იმედოვნებს ქართული მხარისგან ურთიერთგაგებას სამხრეთ ოსეთის და საქართველოს იმ მოქალაქეების ურთიერთ გათავისუფლების საქმეში, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებიან საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სეპარატისტული ხელისუფლების ვებ-გვერდზე გავრცელდა.
შეგახსენებთ რომ, 2013 წლის ივნისში თბილისის ციხიდან, სეპარატისტული რეგიონის მკვიდრი მარეკ დუდაევი გამოუშვეს ამნისტიის და სასჯელთა შეკრებითობის გაუქმების შედეგად, მისი საპატიმრო ვადის ამოწურვის გამო.
დუდაევის გათავისუფლებას, რომელიც ქართულმა პოლიციამ 2004 წლის მარტში დააკავა, ცხინვალი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. 2005 წლის ნოემბერში თბილისის სასამართლომ დუდაევი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, გამოძალვასა და ყაჩაღობაში და 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
06.01.14