საქართველომ ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ ძალიან დრამატული შეხვედრა გამართა, ფრე 1:1 ითამაშა და ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულაც მოიპოვა. ვილი სანიოლის გუნდმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა, პატრიკ შიკმა კი, მეორე ტაიმში კუთხურიდან გაიტანა.
შეხვედრის შემდეგ, ჩვენი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
…კიტეიშვილზე და ხვიჩაზე: “მე არ მჩვევია ფეხბურთელებზე ინდივიდუალურად საუბარი, ამიტომ არ ვილაპარაკებ დღეს ხვიჩას თამაშზე, ეს შეიძლება მერე, როცა ყველაფერს გავაანალიზებთ. კიტეიშვილის მდგომარეობას რაც შეეხება, კიდევ ერთი დღე უნდა დაველოდოთ და იმედი გვაქვს, რომ დაგვიბრუნდება. საბა კვერკველიამ საქართველოში ინფექციის გამო 10 დღე გაატარა საავადმყოფოში, როცა ის ავსტრიაში შემოგვიერთდა, არ იყო სრულ მზადყოფნაში. როდესაც შევცვალეთ, დაღლილი იყო, გველესიანმა კი, ძალიან კარგად შეცვალა“.
…ლობჟანიძის მომენტზე: “ასეთ მომენტში, ფეხბურთელს ბევრი რამ შეიძლება უთხრა და თვითონ ფეხბურთელსაც სჭირდება მხარდაჭერა, 3 წელზე მეტია საქართველოში ვარ და ერთმანეთს ვეხმარებით, ეს ადამიანური გამოცდილება იყო, მივედი მასთან იმიტომ, რომ წარმოვიდგინე, რას გრძნობდა. ამ შემთხვევაში, რთულია რამის თქმა, მაგრამ თუ დარტყმას არ ცდი, ვერც გოლს გაიტან და ვერც კარს ააცილებ. მატჩის შემდეგ შერეული გრძნობები გაგვიჩნდა, მომენტის გამო თავიდან იმედგაცრუებული ვიყავით, მაგრამ ასევე ვიაზრებთ, რომ პირველი ქულა მოვიპოვეთ. 3.5 წელი ვიმუშავეთ აქამდე მოსასვლელად და ჩვენთვის ეს ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მოპოვებული ქულა“.