ემოციები რომ აღარ მეყო, ტირილი დავიწყე – ასეთია ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნებული, საქართველოს ნაკრების კარის მცველის, გიორგი მამარდაშვილის დედის ემოციები.
თამუნა ბლიაძე “პირველებისთვის” მიცემულ ინტერვიუში შვილის წარმატების გახარებულია და მადლობას უხდის ქართველ გულშემატკივრებს.
ძალიან ბედნიერები ვართ მთელი ოჯახი ამ ყველაფრით. ეს ყველაზე დიდი ჯილდოა ჯერჯერობით, რაც კი მიუღია. ემოციები რომ აღარ მეყო, ტირილი დავიწყე ბოლოს. ჩემი შვილის წარმატებით უბედნიერესი ვარ. ხალხს ვეტყოდი, რომ უღრმესი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმ ყველაფრისთვის, რასაც ბიჭებს უკეთებენ”. – ამბობს თამუნა ბლიაძე “პირველებთან”.
ჯვაროსნების სრული შემადგენლობა საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში დილის 9:15 საათზე ჩამოფრინდა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა
წყარო : პირველი არხი