ბრიტანულმა რადიომ, TalkSport-მა 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებმაც, ჯერჯერობით, ევრო 2024-ზე საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვეს.
TalkSport-ის რეიტინგში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელიც მოხვდა და გიორგი მამარდაშვილი გამოარჩიეს.
„საქართველოს ნაკრებმა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი იყო, ჯგუფურ ეტაპზე გამართული დაპირისპირებების შემდეგ, ბევრი საქებარი სიტყვა დაიმსახურა. მოსალოდნელი იყო, რომ “ჯვაროსნების” ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია იქნებოდა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა დაამტკიცა, რომ საერთოდ სხვა ლიგაშია. 23 წლის მეკარე ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მამარდაშვილმა 11 სეივი შეასრულა და Whoscored-მა მისი თამაში 9.25 ქულით შეაფასა.
გიორგი და მისი ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობნენ, მაგრამ მთელი მსოფლიოს შოკში ჩაგდებისა და პლეიოფში გასვლის შემდეგ, შეუძლიათ, ტურნირი თავაწეულებმა დატოვონ. ვალენსია მამარდაშვილს 35 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს და ამ თანხად ნაყიდი ფეხბურთელი შესაძლოა, ნებისმიერი კლუბისთვის ბრწყინვალე გარიგება აღმოჩნდეს“, – წერს Talksport-ი.
მამარდაშვილის გარდა, ტოპ 5-ში ნგოლო კანტე, ნიკო უილიამსი, გრანიტ ჯაკა და ჯამალ მუსიალა მოხვდნენ. გიორგი ერთადერთია, ვინც ევროზე აღარ თამაშობს, მაგრამ Talksport-მა მაინც საუკეთესოთა შორის შეიყვანა.