26 წლიანი იძულებითი განშორების შემდგომ მშობლიურ აფხაზეთს ეწვია. სოხუმის ყველა ის ადგილი მოიარა, რომელთა ნახვა ოცნებად ჰქონდა გადაქცეული… აფხაზებმაექიმ-რეპროდუქტოლოგ მანანა მგალობლიშვილს უკვე უწოდეს “მშვიდობის მტრედი” და ენგურს აქეთ დიდი მონატრება და სიყვარული გამოატანეს.
– აფხაზეთიდან ომის დაწყებამდე წამოვედი. იმ წელს დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი. მამაჩემი, ბიძინა მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავარი ფსიქიატრი იყო. აფხაზეთში ფსიქიატრიის განვითარებას საფუძველი მან ჩაუყარა. 27 სექტემბერს, სოხუმი რომ იცლებოდა, მამას ხალხი თავისი მანქანით სამშვიდობოს გაჰყავდა. თავად წასვლა არც უფიქრია, რადგან როგორც ქართველებში, ასევე აფხაზებში უამრავი მეგობარი ჰყავდა. თუმცა სოხუმის დაცემის შემდგომ ის ჩვენს სახლთან დახვრიტეს. სხვათა შორის, ორ დღეში აფხაზები მისულან მასთან სახლში, მამასთვის ვინმეს რამე რომ არ დაეშავებინა, მაგრამ ვეღარ მიუსწრეს. ერთ-ერთმა რუსულ-აფხაზურმა ოჯახმა მისი ცხედარი დაკრძალა, რაც დიდი ბედნიერებაა ჩვენთვის, რადგან უამრავ ადამიანს საფლავიც არ ჰქონია. ჩვენ შვიდი დედმამიშვილი ვართ, ვიმსჯელეთ და ერთი წლის შემდეგ მისი ცხედარი მის მშობლიურ აბაშის სოფელ მარანში გადმოვასვენეთ. დედა ომამდე რამდენიმე წლით ადრე, 1989 წელს გარდაიცვალა.
– 26 წლის შემდეგ აფხაზეთში ჩასვლა, ალბათ, ძალიან ამაღელვებელი იქნებოდა. – კარგა ხანს მეგონა, ეს ყველაფერი ჩემს თავს არ ხდებოდა და წარსულიდან რაღაც ძალიან ლამაზ და სევდიან ფილმს ვუყურებდი. ამ გაზაფხულს ბიძაჩემი გარდაიცვალა. მას არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავს, აფხაზი ქალი, ტაია ლაბია, რომელიც ოჯახთან ერთად სოხუმში ცხოვრობს. ბიძაჩემი მოსკოვში ცხოვრობდა და სოხუმში ჩამოასვენეს, მეც გავრისკე აფხაზეთში ჩასვლა… რამდენიმე დღის განმავლობაში ტელეფონი ხელიდან არ გამიგდია, ყველას და ყველაფერს ვუღებდი. ქართულად ვლაპარაკობდი, ინტერნეტჩართვებში ჩემს მეგობრებს ვესაუბრებოდი და ვუხსნიდი, სად ვიყავი და რა ხდებოდა ჩემ გარშემო. ქართულის გაგონებაზე აფხაზები გაოცებული მიყურებდნენ, მაგრამ მათგან აგრესია არ მიგრძნია. ყველამ გაიგო, ვინ ვიყავი, ვისი შვილი… ყავის დასალევად კაფეში რომ შევიდოდი, იქ უფრო გულახდილი საუბრები გვქონდა, რამდენიმე “პაციენტიც” კი მივიღე, გავესაუბრე და შეძლებისდაგვარად რეკომენდაციებიც მივეცი.
ვოცნებობდი, დედაჩემის საფლავზე ქვა დამედო და 30 წლის შემდეგ ავიხდინე. რამდენიმე ახლობლის საფლავიც ვიპოვე. სხვათა შორის, ზოგიერთის საფლავს ვიღაც უვლის, თუმცა ბევრი მოუვლელია და ნათესავებს ვთხოვე მიეხედათ.
უამრავი ვიდეო სოციალური ქსელის ჩემს გვერდზე დავდე, რომ სხვებსაც ენახათ თავიანთი ოჯახის წევრების საფლავები. ზოგმა იპოვა კიდეც… რამდენიმეს დავურეკე, რომ აეხსნა, სად იყო მისი ოჯახის წევრის საფლავი. კომენტარებში მადლობას მიხდიდნენ, მლოცავდნენ…
– თქვენს სახლში იყავით? – ბიცოლაჩემი, ტაია ლაბია მახლდა. აფხაზები ქალს და მით უმეტეს მოხუცებს დიდ პატივს სცემენ და სწორედ მისი დახმარებით მოვინახულე იქაურობა. ჩემი სახლი დამწვარია, ეზოში ვერც შევედი, იქაურობა ისეთი გაველურებულია. ვინც ახლა ჩვენს მეზობლად ცხოვრობს, ის კაციც ვნახე და ვუთხარი, ვინც ვიყავი. ერთ-ერთმა მეზობელმა ამდენი წლის შემდეგაც მიცნო, რამაც ძალიან გამახარა. ომამდე მამამ ეზოში დეკორატიული ბალახი დარგო. ახლა აქა-იქ იყო დარჩენილი, მაგრამ სიმბოლურად მაინც წამოვიღე რამდენიმე ღერი. მეგობარმა მთხოვა, სოხუმის სანაპიროდან ერთი კენჭი წამომიღეო. ბლომად წამოვიღე, რომ ყველასთვის გამენაწილებინა.
სოხუმის ბაზარი არ შეცვლილა. ისიც ჩემი ბავშვობის ნაწილი იყო და იქაური კუთხე-კუნჭულიც კი მიყვარს. წამოვიღე ლეღვის მურაბა, შებოლილი წიწაკა, თაფლი, აფხაზური აჯიკა…
ქუჩაში ვესაუბრე აფხაზ მხატვარს, ტაქსის მძღოლიც გავიცანი, რომელმაც თბილისში იმკურნალა და ძალიან მადლიერია. მოვიარე ყველა მონატრებული ადგილი, რომელიც სოხუმის სავიზიტო ბარათად ითვლებოდა – რესტორანი “ამრა”, სოხუმის სანაყინე “პინგვინები”, საჩებურეკე…
აფხაზებმა დამპატიჟეს და ერთმა ბიჭვინთის ღვინო მაჩუქა, მეორემ უთხრა, შენ მაგას ღვინით გააკვირვებ, კახური ღვინის მერეო? იმან უპასუხა, მისი მშობლიური მაინც სხვანაირად ეტკბილებაო. ამ სიტყვების გაგონებაზე იმ დღეებში ყელში გაჩხერილი ყველა ემოცია ჩუმად გადავყლაპე. ვიგრძენი, რომ აფხაზები ცდილობდნენ ჩემთვის ესიამოვნებინათ.
პოლიტიკაზე არ გვისაუბრია. თუმცა თავად თქვეს, ომი პოლიტიკის ნაწილია, კარგი და ცუდი ჩვენთანაც არიან და თქვენთანაცო. ერთმა ქალმა რაღაცნაირი იმედით მითხრა, ჩვენ შორის “მშვიდობის მტრედივით” ხართო.
– რა ხდებოდა სოხუმის ქუჩებში?
წყარო : კვირის პალიტრა