შოვის ტრაგედიის ექო სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება ბევრ ჩვენგანს. ამ დროისთვის 29 გარდაცვლილია ნაპოვნი, 4-ს ეძებენ. შოვში რჩება გიო დუდაშვილი, რომელშიც თითქოს ყველას ტკივილი გაერთიანდა. მას სტიქიამ მთელი ოჯახი წაართვა (მეუღლე ნატო ჭელიძე, შვილები: ლუკა, ანდრია და ანასტასია) და მხოლოდ შვილის თოჯინა დაუტოვა. საზოგადოება შეძრა კადრებმა სტიქიის ზონიდან, სადაც ამ თოჯინით ხელში მაშველებს ესაუბრება.
სოფელ ღარის რწმუნებული ონში, ლევან არჩვაძე:
– ნატო ჩვენს სოფელში გაზრდილი გოგონა იყო, ძალიან თბილი და კეთილი. ზოგადად, მთელი ოჯახი მოსიყვარულე ხალხია. ნატოს და-ძმა ჰყავს. აქამდე ეს ხალხი ბედნიერი იყო, ხარობდნენ ნატოს ანგელოზებით. ულამაზესი ბავშვები ჰყავდა ამ გოგოს, ახლა კი არ ვიცი, რა ვთქვა, რა უნდა ვუთხრა ამ ოჯახს, ყველა მათ ჭირისუფალს, ვინც აქ დაიღუპა… მთელი რაჭა თითქოს სიკვდილმა დაამუნჯა. შოვი შესძულდა ხალხს. ადრე ადგილობრივებისათვის ეს ადგილი უძვირფასესი იყო, მაგრამ ახლა ხალხი ამბობს, შოვისკენ აღარასოდეს მივიხედავთ, იქ სიკვდილიაო.