მამას, რომელიც შვილს დაქორწინებას აიძულებდა, ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენება მშობლის წინააღმდეგ პოლიციას 17 წლის გოგომ მისცა. ირკვევა, რომ ის იძულებითი ნიშნობის მსხვერპლი ჯერ კიდევ ორი წლის წინ გახდა, როდესაც მერვე კლასელი მშობლების გადაწყვეტილებით, ნათესავზე დანიშნეს. იძულებითი ქორწილის კი ცერემონია ოქტომბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ გოგომ უარი თქვა, რასაც მშობლების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
პოლონეთიდან საგანგებოდ ჩამოსული მამა შვილისგან დაქორწინებას დაჟინებით მოითხოვდა. გოგომ ზეწოლას ვერ გაუძლო, სახლიდან გაიქცა და ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როცა ის სამართალდამცველებმა საზღვრიდან მოაბრუნეს. სწორედ ამ დროს მისცა სკოლის მოსწავლემ პოლიციას ჩვენება მშობლების წინააღმდეგ.
თავდაპირველად დაკავებული იყო დედაც, მაგრამ ქალი მალევე გამოუშვეს. ბრალდებული მამა კი დღეს სასამართლოზე თავს იმართლებდა, რომ თუ შვილს არ გაათხოვებდა, ეს ოჯახის რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა.