კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის წარდგენას ელოდება. მას უკვე შეხვდა ადვოკატი, რომლის განცხადებითაც, ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს და მას ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია.
„იყენებს დუმილის უფლებას, შესაბამისად საქმის გარემოებებზე, არა თუ მის პოზიციაზე, მე როგორც მისი ადვოკატი, მისი ინტერესების დამცველი, ამ მოცემულობით ვერ ვისაუბრებ,“ – აცხადებს ბექა ჯაიანის ადვოკატი, სალომე არდოტელი.
26 წლის მამაკაცი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან აიყვანეს, კურიერის ინფორმაციით, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. კურიერმა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობიდან რამდენიმე წუთში, სათვალთვალო კამერებით გადაღებული კადრები მოიპოვა. ვიდეოში ჩანს, როგორ გარბის შემთხვევის ადგილიდან ბექა ჯაიანი. ის მერვე სართულიდან, სადაც კესარია აბრამიძის სახლი მდებარეობს, კიბეზე სწრაფი ნაბიჯით ჩადის.
სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში ასევე ჩანს, როგორ ყიდულობს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ჯაიანი პროდუქტს მაღაზიაში, როგორ შედის სადარბაზოში და როგორ ელოდება ლიფტს. ამ ვიდეო მასალის მიხედვით ირკვევა, რომ დანაშაული ზუსტად 14 წუთშია მომხდარი.