“მიჭირს გადმოვცე ის ტკივილიანი განცდები, რაც 27 სექტემბერს მოაქვს. გული ამომიღეს, რომელიც აფხაზეთში დარჩა. გადავრჩი, არ დავნებდი, მაგრამ ჩემი გული აფხაზეთშია; ჩემი ძმის საფლავი იქ არის. ჩემთვის ყოველი დილა დაბრუნების იმედით თენდება. ვნახოთ… ” – ამბობს ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია,
მალე ამ ძლიერ ქალს წიგნის მეშვეობით გაიცნობს საზოგადოება. “დედა და ილია” – ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც 12 ოქტომბერს შედგება. წიგნის ავტორია გიორგი კეკელიძე. პროექტის მთავარი მხარდამჭერი კი – SMH Sports-ია.
ეს UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის დედის ისტორიაა, აფხაზეთიდან – ალიკანტემდე, ომიდან – მშვიდობამდე, ტკივილიდან – გამარჯვებამდე, დაცემიდან – ჩემპიონის პედესტალამდე! ქალბატონი ინგა წიგნის თანაავტორად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. მის ემოციურ მონათხრობს, კეკელიძემ, ჩვეული მაგიით, ლიტერატურული ხორცი შეასხა და წინ დიდი, ტკივილიანი სიამოვნება გველის.
“მან ბევრი სირთულე გამოიარა და ძლიერი პიროვნების საუკეთესო მაგალითია. ეს წიგნი კი მკითხველს ეტყვის, არ შეგეშინდეს. არ შეაჩერო წინსვლა!” – ამბობს ილია თოფურია.
***
ყველას არ შეუძლია ცხოვრების თავიდან დაწყება. აბა, წარმოიდგინეთ, ომისგან გათელილი 21 წლის გოგონა, ორი შვილით მოდის ჭუბერის უღელტეხილზე. მოდის ფეხშიშველი, ფეხებზე ცელოფნებ შემოხვეული, ზურგზე ზეწრით მოკიდებული ექვსი თვის პატარით, მშიერი. მოდის, მაგრამ უკან ახლად დაკრძალული ქმრისა და ძმის საფლავები ექაჩება. წინ კი, ერთდროულად, უიმედობასა და იმედს ისეა მოჭიდებული, შიშველ ტერფებზე ცივ ლაფსა და ტალახს ვერ გრძნობს… გადარჩა, ფონს გავიდა, ადგა და სვლა განაგრძო…
გიორგი კეკელიძე ამბობს, ეს წიგნი ინგას დაუჯერებელი ბიოგრაფიის წყალობით, ბესთსელერობისთვისაა “განწირულიო”. ასეც იქნება.
ინგა ბენდელიანი- თოფურია: ბერი ანდრიას დედა, თინათინ ჩხვიმიანი, ჩემი ბავშვობის მეგობარია, კლასელია. მასთან მქონდა ნათქვამი, რომ ჩემი ტკივილი წიგნად მინდოდა მექცია. შემდეგ პერიოდულად, სულ მეხმიანებოდნენ ადამიანები და ილიაზე წიგნის დაწერას მთხოვდნენ. მათ შორის, უცნობები. ვერავინ მოვიდა ისე ახლოს, როგორც გიორგი. მწერალი ფსიქოლოგიცაა, ვისთანაც გამჭვირვალე უნდა იყო და შეგეძლოს თავისუფლად ისაუბრო. მასთან სულიერ კავშირში იყო. მივედი დედა თინათინთან. გიორგიც იქ იყო. გავიცანი. მას თავდაპირველად მხოლოდ ილიაზე სურდა წიგნის დაწერა. თუმცა ვუთხარი, მე უფრო მეტი მაქვს სათქმელი-მეთქი…