ისრაელში, თელ-ავივში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ქართველი მამაკაცის, 42 წლის ილია ნოზაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაიჭრა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, 1-ლ ოქტომბერს ორმა ტერორისტმა ადამიანები მატარებლის სადგურში ჩაცხრილა. მათ ნაწილი დანით, ნაწილი კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მათ შორის ილია, რომელსაც სამი ტყვია მოხვდა. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
ილია წარმოშობით ხაშურიდან იყო. ალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, სოფელ ქინძათში ცხოვრობდა. ამ სოფელში ცხოვრობს დღეს მისი ოჯახი, რომელიც მომხდარით შეძრულია. ილიას დარჩა მეუღლე და 17 და 14 წლის შვილები.
“ილია კარგი ახალგაზრდა იყო, მშრომელი ადამიანი, ძალიან დადებითად შემიძლია დავახასიათო. ძალიან განვიცდით ყველანი ამ ტრაგედიას. არასრულწლოვანი შვილები ჰყავს. ერთი მოსწავლეა, მეორემ წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. 6-7 წელია, რაც ილია წასულია ისრაელში. იქ მუშაობდა და ეს სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ. ძალიან განვიცდით ყველანი ამ ამბავს.
თანავუგრძნობთ მის ოჯახს, მეზობლებს, სამეგობროს.
სოფელში ილიას სახლის გვერდით ცხოვრობს ილიას დედა, ძმის სახლში. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. ახლა სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უდგას ოჯახს და დაეხმარება ცხედრის საქართველოში ჩამოსვენებაში. კონკრეტულად როდის ჩამოასვენებენ, ჯერ არ ვიცით.
ილია მშრომელი ბიჭი იყო, იქ წასვლამდე სოფლის მეურნეობას ეწეოდა”, – ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი ალის ადმინისტრაციულ ერთეულში, იაგო ქიტიაშვილი.
როგორც ირკვევა, სადგურზე მატარებელი გაჩერებული იყო და ამ დროს ტერორისტებმა გარედან მატარებელს ცეცხლსასროლი იარაღის ჯერი გადაატარეს. დაჭრილებს შორის არის საქართველოს კოდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი.
კიდევ ერთი ქართველი ქალი თურმე ამ მატარებელში იყო და ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. ცნობილია ისიც, რომ იქვე გაანეიტრალეს ტერორისტები.