ცოტა ხნის წინ გელა დაიაური დაოჯახდა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილია. წყვილმა ჯვარი 1 ოქტომბერს დაიწერა. ერთი წლის წინ პოეტი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ გადატანილი ტრაგედიიდან 11 წლის შემდეგ, მარტოობით დაიღალა…
ახლა ჰყვება, რომ გვერდით ღირსეული ქალი ჰყავს, რომელიც ძალიან უყვარს და სიმშვიდე კიდევ ერთხელ იპოვა.
“მე ვარ გელა დაიაური 49 წლის. საზოგადოება მიცნობს, როგორც პოეტს, მომღერალს, კომპოზიტორს, სულ ეს არის. ხევსურეთში, სოფელ მუცოში დავიბადე, ბარისახოს სკოლა-ინტერნატი დავამთავრე. მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე, 11 დედმამიშვილი ვიყავით, ახლა 9 დავრჩით. ლექსების წერა ბავშვობიდან დავიწყე, ჩემს ლექსებზე არის რამდენიმე სიმღერა, გამორჩეულად მიყვარს “ნაბიჯებს” – ეს იყო პირველი სიმღერა, რომელიც გავაკეთე.
თეოს გარდაცვალების შემდეგ აღარ დამიწერია, მის შემდეგ ცოტა რთულია სიმღერის დაწერა, იმდენად დიდი იყო. არ მიყვარს ტკივილზე ლაპარაკი, მირჩევნია ჩემთვის ვატარო. ამ პერიოდის განმავლობაში ვწერდი ლექსებს, ოჯახს მივუძღვენი, წიგნად გამოვეცი. მეუბნებიან, რომ ძალიან ძლიერი ვარ, ალბათ გარეგნულად ვჩანვარ, თორემ შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან. სადაც მე გავიზარდე, მთაში, ზედმეტად არ უყვართ ემოციის გამოხატვა.
რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა. თუ შენ ზედმეტად იგლოვებ, არც შენ თავს სცემ პატივს და არც იმათ ვინც დაკარგე. ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის დროებითი განშორება… რადგან უფალმა დაგტოვა ცოცხალი, უნდა გააგრძელო ცხოვრება, სიკეთის კეთებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში და არა გლოვაში. ქართლელ გოგონაზე დავოჯახდი, ეკა მაჩხაშვილზე.
ძალიან რთული იყო, ბევრ რამეზე ფიქრობ, არ უნდა მოატყუო ადამიანი, ჯერ საკუთარ თავს უნდა დააჯერო, რომ წრფელი იყო. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, არ მინდოდა დამემძიმებინა ჩემი ტკივილით, განცდებით ის ადამიანი ვის გვერდითაც ვიქნებოდი. ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, თავს კარგად ვგრძნობ და მსუბუქი გახდა ამ ნაბიჯის გადადგმა. ყველაფერი კარგად გავიგეთ და გავიარეთ. კიდევ ერთხელ ვიპოვე მშვიდი ნავსაყუდელი ჩემს ცხოვრებაში. სიყვარული ეს ის გრძნობაა, რომელიც ადამიანს ცხოვრების მიზანს გაძლევს და გაძლიერებს შინაგანად. თვითონ ღმერთია სიყვარული…” – ამბობს “პოსტ ალიონში” საუბრისას.
- ცნობისთვის, 2010 წლის 22 ივლისს მთელი საქართველო შეძრა და დაამწუხრა მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ – “ჯიპის” მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის – 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაიღუპნენ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი – დემეტრე და ჯარჯი, თეონას და – ნათია, გელა დაიაურის მეჯვარე ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფო ღოღობერიძე და მათი ვაჟი – მამუკა. საუბედუროდ, დემეტრე დაიაური და მამუკა არაბული ადიდებულმა მდინარე არღუნმა გაიტაცა, ვერ იპოვნეს. თვითონ გელა დაიაური, თეონას ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი და დაიაურებისა და არაბულების მეგობარი თეონა ჭინჭარაული გადარჩნენ.
ნახეთ ვიდეო: