ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დერბის დასრულებიდან, სულ რამდენიმე საათი გავიდა. გუშინ ღამით ლიგა 1-ის მე-11 ტურის მორიგი დაპირისპირება გაიმართა, სადაც ერთმანეთს ლიონი და სენტ-ეტიენი დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელი გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ალექსანდერ ლაკაზეტმა გაიტანა. მატჩში მონაწილეობა ორივე ქართველმა მიიღო — ზურიკო დავითაშვილმა სენტ-ეტიენის რიგებში 90 წუთი ჩაატარა, ხოლო რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, 24 წლის ფორვარდი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.
მსაჯის სასტვენის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელები მოედნის ცენტრში რამდენიმე წუთით სასაუბროდ გაჩერდნენ, რასაც მატჩის დასრულების შემდეგ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სენტ-ეტიენის ფანების ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა ზურიკოს მიმართ — გულშემატკივრებს არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ქართველი წაგებული მატჩის შემდეგ, ლიონის მოთამაშეს გადაეხვია და გაესაუბრა… თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ფანების მეორე ნაწილმა დავითაშვილი დაიცვა. მათი აზრით, არაფერია იმაში ცუდი, როდესაც ერთი ქართველი მეორეს მიესალმა და გამოელაპარაკა. ბევრმა გულშემატკივარმა ზურიკოს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელიც კი უწოდა და მეორე ბანაკს მოუწოდა, რომ სხვა პრობლემებზე გაემახვილებინათ ყურადღება.
ლიონმა ამ გამარჯვების შემდეგ 18 ქულა მოაგროვა და მე-5 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება სენტ-ეტიენს, “მწვანეები” 10 ქულით, მე-16 პოზიციაზე დარჩნენ.
წყარო : La Gazzetta dello Sport