ჩრდილოეთ ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ახალშობილი დაიღუპა, დაშავდა 16.
ქალაქ ჯანსში, უტარ-პრადეშის შტატის საავადმყოფოში ხანძარი პარასკევს, გვიან ღამით, გაჩნდა. ოფიციალური პირების თქმით, ცეცხლი იმ პალატაში გავრცელდა სადაც 55 ახალშობილი იმყოფებოდა, მაშველებმა მათგან 45-ის გადარჩენა შეძლეს, მათ სამედიცინო დახმარებას უტარებენ.
ამ დროისთვის, უცნობია რამ გამოიწვია ხანძარი. თვითმხილველების თქმით, სამაშველო ოპერაცია ხანძრის გაჩენიდან დაახლოებით 30 წუთში დაიწყო. ინციდენტის შემდეგ, ადგილობრივებს საავადმყოფოს უსაფრთხოების ზომების შესახებ კითხვები გაუჩნდათ. მათი თქმით, საავადმყოფოში დამონტაჟებული იყო ხანძრის მაუწყებელი სიგნალიზაცია, თუმცა ის არ ამოქმედებულა და ცეცხლის შესახებ პერსონალმა კვამლის შემჩნევის შემდეგ მოახდინა რეაგირება.
“ჩვენ გამოვავლენთ ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელ პირებს და მივიღებთ მკაცრ ზომებს. ამ მძიმე პერიოდში მთავრობა ოჯახების გვერდით დგას,” – განაცხადა შტატის მთავარი მინისტრის მოადგილემ, ბრაჯეშ პატაკიმ.