ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე დააკავეს და სცემეს, გაათავისუფლეს.
მან წინასწარი მოთავსების იზოლატორი ორი საათის წინ დატოვა.
იზოლატორის დატოვების შემდეგ ბექა ბერაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, როგორ დააკავეს ის და მისი ძმა, თორნიკე ბერაძე, და პოლიციის ძალადობას აღწერს. მას მარცხენა თვალთან დალურჯება აქვს, ეტყობა დაზიანებები სახესა და შუბლზე.
მისი მონათხრობის თანახმად, პირველ დეკემბერს, ღამის პირველის ნახევრისთვის, ის ძმასთან და ორ მეგობართან ერთად იყო, როდესაც ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის კანცელარიასთან პოლიციელები შეხვდნენ, რის შემდეგაც გვერდითაც პატარა ჩიხიდან სცადეს დემონსტრაციისკენ ჩასვლა.
„როგორც კი შევუხვიეთ, ბევრი პოლიციელი შემოგვეხვია, დაგვაშორეს ერთმანეთს. თავიდან მე გამწიეს. დავინახე, ჩემი ძმა ჰყავდათ შიგნით. რომ ვეკითხებოდი, რატომ გყავთ და გამოუშვით-მეთქი. მიპასუხეს, რესპირატორი ვუპოვეთო. რესპირატორი რა კრიმინალური ნივთია, არ ვიცი“.
მისი თქმით, პოლიციასთან საუბარი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა, მაგრამ „არც შევწინააღმდეგებივარ, არც შეურაცხყოფა მიმიყენებია, არც არაფერი“.
„რაღაც მომენტში მოსწყინდათ ჩემთან ლაპარაკი და მოთხოვნა, ჩემს ძმასთან მიმიშვით-მეთქი და [თქვეს], ესეც დააკავეთო. ჩემი ძმაკაცი არ მინახავს იმ წუთას. იქვე დამაკავეს, შემბოჭეს და წამიყვანეს კანცელარიასთან“.
მისი თქმით, სწორედ აქ დაიწყო ძალადობა: „უკვე იქიდან იყო ეს „დერეფანი“ – დაცინვა, დარტყმა. „შენი ჟურნალისტი დედაო“, – მანამდე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. კარგად მცემეს“.
„ამ 40 წუთის შემდეგ, ერთი მიკროავტობუსიდან მეორეში გადაგვიყვანეს. იქ დაგვხდნენ უკვე პატრულის თანამშრომლები და მათთან ერთად წავედით ვარკეთილში. ჩემი ძმაკაცი, ცუდად რომ იყო, სასწრაფოში გადაიყვანეს“.
იხსენებს იმასაც, რომ სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს გარემოებები, რაც რეალურად არ არსებულა:
„პატრულის თანამშრომლები ვითომ კეთილად გესაუბრებიან, აწი არაფერი გიჭირს, მე დამიჯერეო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, 2 საათის შემდეგ ოქმი რომ წავიკითხე, ეწერა, თითქოს მე რუსთაველზე ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი და ამ პოლიციელმა დამაკავა. სამივე ტყუილი. ვიყავი ინგოროყვას ქუჩასთან, არავისთვის არ მიგინებია და ამ პოლიციელს „ჩააბარეს“ ჩემი თავი, ნაცემი მიკროავტობუსში. მას შემდეგ გადმომიყვანეს აქ, [საგარეჯოში]. აქ არანაირი პრობლემა არ ყოფილა“.
ბექა ბერაძეს რადიო თავისუფლება ღამის 03.00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.
რადიო თავისუფლებაის განცხადებით, მათ აქვთ ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება – რაზე არ დაემორჩილა მათ.