ბოლო ერთი კვირის განმავლობაში წუხელ პირველად გაიმართა აქცია მომიტინგეთა მხრიდან ძალადობისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ მოწყობილი პროვოკაციების გარეშე, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაკეთებულ ვიდეომიმართვაში.
კახა კალაძის თქმით, მართალია, ძალადობრივი აქციების დროს პოლიტიკოსები ღიად არ ჩანდნენ, თუმცა, ამ ყველაფრის უკან სწორედ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და ორგანიზაციები დგანან.
„გუშინდელმა დღემ კარგად დაანახა საზოგადოებას ის, რაზეც ღიად ვსაუბრობთ ამ დღეების განმავლობაში, რა პროცესები მიდის ქვეყანაში, რა ძალასთან გვაქვს საქმე, რა რეალური მიზნები ამოძრავებს რადიკალურ ოპოზიციას.
დავიწყოთ საპროტესტო მიტინგის წუხანდელი ღამის შეფასებით, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად გაიმართა მომიტინგეთა მხრიდან ძალადობისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ მოწყობილი პროვოკაციების გარეშე და ისმის კითხვა რატომ? გუშინ განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები კონკრეტულ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში, სადაც ამოღებული იქნა უამრავი „მოლოტოვის კოქტეილი“, პიროტექნიკა და სხვა ნივთები, რასაც ძალადობრივი აქციის მონაწილეები იყენებდნენ. ყველამ დაინახა, რომ ამ ძალადობრივი დაჯგუფებების უკან იდგნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკოსები ასე ღიად არ ჩანდნენ. ხალხს ატყუებდნენ, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, ეს არის ბავშვების აქციაო. ვინ არის ბავშვი? გვარამია, მელია, ჯაფარიძე, ხოშტარია თუ სხვა რადიკალები? ასევე, კონკრეტული არასამთავრობო და ახალგაზრდული ორგანიზაციები პირდაპირ ჩართულები იყვნენ ამ ძალადობრივ ქმედებების დაორგანიზებასა და ხელშეწყობაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებული ქმედებები იყო იმ სცენარის ნაწილი, რასაც გარე ძალების მიერ დატრენინგებული ორგანიზატორები გეგმავდნენ გადატრიალების მოსაწყობად.
„გუშინდელი ამბების შედეგად, საზოგადოებამ ვერ ნახა დაშავებული მომიტინგეები და პოლიციელები, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ყველა ქმედება იყო იმ სცენარის ნაწილი, რასაც გარე ძალების მიერ დატრენინგებული ორგანიზატორები გეგმავდნენ და ახორციელებდნენ. მიზანი, ცხადია, გახლდათ სახელმწიფო გადატრიალება.
როდესაც ექსტრემისტული დაჯგუფებები აქციებზე იწყებდნენ ქვების, „მოლოტოვის კოქტეილების“, პიროტექნიკის სროლას პოლიციელების მისამართით, სამართალდამცავები მიმართავდნენ კანონით დადგენილ წესს არეულობის აღსაკვეთად.აღარაფერს ვამბობ რადიკალების მართულ მედიაზე, რომლებიც კადრში აჩვენებდნენ სულ სხვა სურათს და საუბრობდნენ საპირისპიროზე. არასრულწლოვანები ისროდნენ ასაფეთქებელ საშუალებებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას სამართალდამცველებს და ამ დროს მაყურებელს უმტკიცებდნენ, რომ არაფერი ხდებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.