უკვე ერთი კვირაა საქართველო მსოფლიო მედიის ობიექტივშია. თბილისი და რეგიონები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები შვიდი დღეა აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს.
თითქმის ყოველ ღამე აქციების დაშლისას სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა საშუალებებს. შედეგად ჟურნალისტები და მოქალაქეები დაშავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებას საჯარო უწყებებში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. ასევე გუშინ გაიფიცნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები. უკვე რამდენიმე დღეა ცნობილი სახეები, სპორტისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, “ინფლუენსერები” სოციალურ ქსელში მხოლოდ ერთ თემას ეხებიან – პროტესტი თბილისში, ვითარება აქციაზე.
- ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა და პროდიუსერმა ბექა მაისურაძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა და იმ მსახიობებსა და ტელეწამყვანებს მიმართა, ვინც ამ დღეებში დუმდა. მათ შორის არიან ნანუკა გულუა, სალომე შარვაძე, დუტა სხირტლაძე, თამუნა ნიკოლაძე, თათული ედიშერაშვილი და სხვები.
უნდა აღინიშნოს, რომ დუტა სხირტლაძე ერთადერთია მათგან, რომელიც საპროტესტო აქციებზე იდგა. ის აქციაზე ბაჩო ქაჯაიასთან და ლაშა გურგენიძესთან ერთად იმყოფებოდა. ფოტო სწორედ გურგენიძემ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
“Nanuka Gulua Salome Sharvadze Tatuli Edisherashvili Tamuna Nikoladze Duta Skhirtladze ან ახლა გამოხვალთ და იტყვით, რომ მოდიხართ იმედიდან, ან ახლა გამოხვალთ და ხმამაღლა იტყვით რომ ემიჯნებით იმ ძალადობას რასაც რუსი არალეგიტიმური მთავრობა სჩადის ყოველდღე, ან არადა ყველა თქვენი დღე სირცხვილში მოგიწევთ გაატაროთ.
სხვა დანარჩენმა, “ინფლუენსერითა” და უნიჭო მსახიობებით დაწყებული, ვითომ ხელოვანებით დასრულებული, უკვე გამოუტანეს საკუთარ თავს განაჩენი.თქვენ ჯერ კიდევ გელით ხალხი” – წერს მაისურაძე. მის პოსტს უამრავი კომენტარი აქვს და ყველა მთგანი დასახელებული სახეებიდან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს.