ბათუმში, შარაშიძის 39-ნომერში მისულ სამართალდამცველებს მძიმე სურათი დახვდათ, სახლს თითქმის ყველგან სისხლის კვალი ეტყობოდა. მოკლულები თურქეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შურისძიებაა.
„კურიერმა“ შარაშიძის 39 ნომერში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დეტალები გაარკვია. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. მათ შორის კონფლიქტი რამდენიმე თვის წინ თურქეთში დაიწყო. ბათუმში ჩამოსულებმა კი შეხვედრა და საქმის გარჩევა გადაწყვიტეს. ამჯერადაც ვერ შეთანხმდნენ და უთანხმოება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ცეცხლნასროლი ჭრილობებით სამი მამაკაცი ადგილზე, ერთი კი კლინიკაში გარდაიცვალა. დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მკვლელობის საქმეზე, პოლიციამ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა, ისინიც თურქეთის მოქალაქეები არიან.
დაკავების ღონისძიება შიდა ქართლში, თბილისი–სენაკი –ლესელიძის მაგისტრალზე მაშინ ჩატარდა, როდესაც სავარაუდო დამნაშავეები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები და მჭიდები ამოიღეს. შარაშიძის 39 ნომერში მდებარე სახლი ახლა დალუქულია და საგამოძიებო მოქმედებების კვალი ეტყობა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამაკაცები აქ ქირით ცხოვრობდნენ.
თურქეთის 4 მოქალაქის მკვლელობის საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.