მრავალი ადამიანი ელოდება სამსახურს იმ დროს, როდესაც სამუშაო ადგილი ბევრია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქს სურს, ქართველმა ხალხმა იფიქროს მომავალსა და იმაზე, რა უნდა აკეთოს.
“არსებობს ასეთი დევიზი – ვილოცოთ, ვიფიქროთ, წარმოვშვათ ახალი იდეები და ვიშრომოთ. თუ ამას გავაკეთებთ, ბედნიერი ვიქნებით. მინდა, ახალგაზრდობამ ასე იცხოვროს. ასევე, მინდა ვანუგეშო ახალგაზრდები და ვუთხრა, რომ არსებობს გამოსავალი ამ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან. არის მცირე და საშუალო ბიზნესი და ჩვენთან იქმნება ჯგუფი, რომელიც ასწავლის ამ ბიზნესს, ამ შრომას. შეიძლება სულ უბრალო რაღაც იყოს და დიდი საშუალება მოიტანოს ადამიანისთვის ან მისი ოჯახისთვის”, – ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესმა დღეს, 12:00 საათზე საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მიიწვია ის ადამიანები, რომლებსაც ამ თემაზე ლექციების მოსმენა სურთ. “თუ შევძელი ან სხვა არაფერმა შემიშალა ხელი, მეც დავესწრები. ვისაც გსურთ, მობრძანდით”, – ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა და საახალწლო პარაკლისიც შეასრულა.
13.01.14