თავისუფალი საზოგადოება “ახალი ნაკადი” facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
თავისუფალი საზოგადოება
„ახალი ნაკადი“
საქართველოს დარბაზი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მეცნიერულ ტექნიკური პროგრესი ათწლეულების მიღწევების აქტიურ იმპლემენტაციას იწყებს. მაშინ, როცა XXI საუკუნეში მცხოვრები ადამიანი თითქოს ყველაზე თავისუფალი და მისი სიცოცხლის ხარისხი მაღალი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს, – რეალურად პირიქითაა. რატომ ხდება ასე? რა ხდება გლობალურ ასპექტში და რა –ჩვენთან, საქართველოში? აშკარაა, რომ ქვეყანაში ახლა დაძაბული და არაჯანსაღი საზოგადოებრივი პროცესებია, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ თავად საზოგადოება, მივიჩნევთ, რომ ძლიერია და ამ გამოწვევებსაც გონივრულად და ღირსეულად უნდა გავართვათ თავი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თავისუფალი საზოგადოება სულ რამდენიმე თვეა რაც ასპარეზზე გამოვიდა და თავიდანვე მკაცრად აპოლიტიკური კურსი გვიჭირავს, რაც ჩვენი თანხმობის, თანამშრომლობისა და თანამოაზრეობის მთავარი იდეაა, თავს მოვალედ ვთვლით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ჩვენი კომპეტენციისა და ხედვის ფარგლებში, ჩვენი მშვიდობისმყოფელი პოზიცია და გამოსავალი შემოგთავაზოთ.
საკითხს შორიდან, მაგრამ მნიშვნელოვანი აქცენტებით დავიწყებთ. პროპაგანდის დამანგრეველმა ტოქსინებმა,რომელიც ბოლო ათწლეულების, თუ გასული საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა დაებინდა ქართველი ადამიანის თვითმყოფადობა, შეერყია კავკასიური გენის მისტიური ძლევამოსილება, – სასურველ შედეგს ვერ მიაღწია! თუმცა ისტორიულმა ქარტეხილებმა, რაც ჩვენმა ქვეყანამ და შესაბამისად, საზოგადოებამ გამოიარა, ბევრი ტრავმა დაგვიტოვა. საზოგადოებრივი სიმწარე და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები, რომელიც პიროვნული სისუსტისა თუ ეგოს დომინაციის გამო მიგვიღია, – ჩვენს დღევანდელ ყოფაზეც აისახება.
დღეს კაცობრიობის ისტორიაში არნახულად ტრანსფორმაციული ეპოქაა. შემეცნების ხარისხი იზრდება და საკაცობრიო გონი არნახულ შედეგებზე გადის. ინფორმაციისა და ცოდნის ხელმისაწვდომობამ დაგვანახა, რომ ქართველებს დღევანდელი განვითარებული სამყაროს საფუძვლებში გვაქვს წვლილი და თან იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ქვეყანა თანამედროვე ცივილიზაციური პროცესების სათავეებშიც კი მოიაზრება. ამაზე ბევრი მეცნიერი, უცხოური წყარო, მასალები და მეცნიერული ფაქტები და გარემოებები მეტყველებს. ამის პარალელურად, დღეს ჩვენში გამეფებულია თვითგვემის, კრიტიკის, ეროვნული ზიზღისა და იდენტობის შეურაცხმყოფელი ნარატივები, რაც თრგუნავს და ანადგურებს როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოების ფსიქიკას. ვფიქრობთ, ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევებიდან ერთ-ერთი, ამ გაორებული მდგომარეობის სერიოზული ფსიქოლოგიური ანალიზია საჭირო, რათა ერთდროულად გავთავისუფლდეთ, როგორც ამპარტავნების, ისე არა სრულფასოვნების შეგრძნების გამანადგურებელი მოქმედებისგან და ორიენტირი ეგრეთწოდებული ოქროს შუალედის დინჯ და დაბალანსებულ კონდიციაზე ავიღოთ. რის გარეშე შეუძლებელი იქნება ქართული ეროვნული სხეულის გაჯანსაღება და აწმყოში სიმშვიდის ჯანსაღ კონდიციაში ყოფნა. შესაბამისად, საქართველოსთვის ნანატრ მაღალი სიცოცხლის სტანდარტების საზოგადოებაზე ფიქრი უსაფუძვლო და აზრს მოკლებული იქნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ერსა და საზოგადოებას თავისი განსაკუთრებული ფუნქცია და მნიშვნელობა გააჩნია მსოფლიო საზოგადოების მსოფლმხედველობის და ცივილიზაციური პროცესების ფორმირებაში. ამ მხრივ საქართველოს თავისი უმნიშვნელოვანესი როლი და მისია აკისრია. სამგანზომილებიანი სამყაროსეული მოაზროვნე გონისთვის ალოგიკურია ჩვენი ისტორიული წიაღსვლები, ავტოქტონი საზოგადოება და შენარჩუნებული სახელმწიფოებრიობა, რომლის უნიკალურობაცა და განსაკუთრებულობაც გამყარებულია მეცნიერული ფაქტებითა და გარემოებებით. ამის დამადასტურებელი უამრავი არგუმენტი არსებობს, რომელთა მხოლოდ მოკლე ჩამონათვალით შემოვიფარგლებით:
➢ გენეტიკური კვლევების საფუძველზე საქართველო აღიარებულია უძველესი ცივილიზებული ადამიანის კერად, რომელსაც ჩვენ ამ ქვეყანაში მცხოვრები ავტოქტონი საზოგადოება ვინახავთ;➢ ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოდაა მიჩნეული;➢ უძველესი სასამართლო სისტემის შემოქმედი საზოგადოება ვართ;➢ უძველესი ტექსტილის შემქმნელი ხალხი ვართ;➢ მედიცინის აკვანის მხარის სტატუსს ვატარებთ;➢ უძველესი სამთო ოქროს მოპოვების კულტურისა და ზოგადად მეტალურგიის მამამთავრებად მივიჩნევით;➢ უძველესი დემოკრატიული მართვის ნიშნების მქონე ქვეყნად ვითვლებით, რაც გამოიხატებოდა უხუცესთა საბჭოსა და ხევისბერების ინსტიტუტით;➢ ამირანისა და პრომეთეს მითების მისტიკა და სიმბოლიზმი, ოქროს საწმისისა და არგონავტების მითის მისტიკა და სიმბოლიზმი სათავეს ჩვენში იღებს, რომელსაც ასევე შესაბამისი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება აღიარებს;➢ თაფლის, ხორბლის ჯიშებითა და საოჯახო მეურნეობის წარმოების უძველესი ტრადიციების შემქმნელები და შემნარჩუნებელები ვართ;➢ სელის კულტურის, ხორბლის უნიკალური ჯიშებითა და დამუშავების კულტურით, ვაჭრობის, ძველი დროის არქიტექტურული გარღვევების ავტორები ვართ;➢ უფლისციხისა და ქრისტეს კვართის მცველები;➢ გელათის, იყალთოსა და კიდევ უფრო ძველი ფაზისის აკადემიის დამაარსებლები;➢ ქართული პოლიფონიისა და ხელოვნების, მეცნიერებისა და კულტურის სხვა ზოგადსაკაცობრიო ცივილიზაციური გარღვევების შემოქმედ ხალხი ვართ;➢ ქართული ენა და დამწერლობა თავისი ლეგენდებით, წიაღსვლებითა და მისტიციზმით;➢ უძველესი ქრისტიანული ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის და შესაბამისად, შემოქმედის წესრიგის უძველესი მიმღებ–გამცნობიერებელი ხალხის სახელით გვიცნობს სამყარო.დიახ, ეს ხალხი და საზოგადოება ვართ ჩვენ!
არ გვინდა პათეტიკურად ჟღერდეს, თუმცა, – დიახ, თქვენს ძარღვებში ახლა ამ გენეტიკური კოდისა და ინფორმაციის მატარებელი კვანტური ნაწილაკები მართავენ მწყობრს და სიცოცხლის საზრისს გაძლევენ, რომლებიც თავის ასპარეზს ელიან.
დღეს უნდა დაიძრას და ადუღდეს ჩვენი გენები! დიახ, წარსულიცა და მომავალიც აქ და ახლა უნდა შეერთდეს და აწმყო ღირსებით გაცნობიერდეს.
მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა გახსნილი ცოდნის, მოვლენის, გარემოებისა და სიმბოლიზმის მიღმა გასაცნობიერებელი ინფორმაციების ახალ-ახალი სამყაროებიიფარება, რომელიც დროულად უნდა გაიხსნას და გაცხადდეს. ეს ჩვენი სამუშაო დღის წესრიგია!
დიახ, უნდა გავბედოთ და გვეამაყებოდეს, ჩვენი იდენტობა და თვითმყოფადობა! მაგრამ, აქაც არ ამპარტავნებით არამედ ღირსებითა და საუფლო კატეგორიებით.
დიახ, ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, რომ საკუთარ გულსა და გონებაში და ერთმანეთში აღვძრათ შთაგონებისა და იმპულსების გადაცემის ძალა და ენერგიები, რათა ისევ ღირსეულად ვემსახუროთ თანამედროვე ადამიანს, რომელიც დღეს უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, – არნახულ კრიზისში!
დიახ, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ ამ უაღრესად მნიშვნელოვან და სახიფათო, თანამედროვე ცივილიზაციური გეზის, თვითგამორკვევისა და გაცნობიერების პროცესში.
მართალია, ასეთ საკითხებზე მსჯელობისას სკეფსისი დღეს მაღალია თუმცა, ასევე ხელმისაწვდომია რიგი ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური მასალებისა, კვლევები, რომელიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებები მაშინ აღწევენ მაღალ სტანდარტებს, ხდებიან პროდუქტიულები, როცა მათ აქვთ დახვეწილი საზოგადოებრივი თვითშეგნება, რომელიც მათ მოქმედებებსა და ძალისხმევას ასტიმულირებს. სწორედ ეს გახლავთ ინდივიდების სიცოცხლის ხარისხის გარანტორი სხვადასხვა საზოგადოებებში.
ჩვენი ისტორიის და გამოცდილების საზოგადოებამ რაც შეგვიძლია დღეს თანამედროვე სამყაროს მივცეთ და ასე აკლია – ეს არის სამყაროს შემეცნების, ადამიანური ურთიერთობების, ოპტიმიზმის, დადებითი განმტკიცების და შემოქმედთან დიალოგის, ანუ საკუთარ თავთან ჰარმონიული თანაცხოვრების სიბრძნე. მოგეხსენებათ დღეს სტერეოტიპებითა და სხვადასხვა მანიპულაციებით გახლავთ შებოჭილი ადამიანი. შესაბამისად, ყველაზე დიდი გამოწვევა ადამიანის მიჯაჭვული თავისუფლების ახსნაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტრანსფორმაციულ ტექნოლოგიურ ერაში, სადაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანის შრომას თითქმის სრულად ანაცვლებს – რა რჩება ადამიანის ფუნქცია, როგორი ცხოვრების წესი უნდა გვქონდეს, როგორ ვადაპტირდეთ ახალ რეალობასთან, როგორც შევინარჩუნოთ ადამიანობა? იქნებ მოვახერხოთ, რომ ამ ჩვენს გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე შევქმნათ ჰარმონიული, გაცნობიერებული საზოგადოება, სადაც აქტიურად დაიწყებენ ემიგრანტები დაბრუნებას. ასევე, უნდა მივესალმოთ ნებისმიერ ცივილური აზროვნებისა და მსოფლმხედველობის ადამიანს, რომლებიც მიიღებენ ჩვენი ჰარმონიული თანაცხოვრების დღის წესრიგს და მოუნდებათ ჩვენთან თანაცხოვრება. გამომდინარე იქიდან, რომადამიანები სოციალური არსებები ვართ, ჩვენ გვმართებს ერთმანეთზე პასუხისმგებლობა, მზრუნველობა, ერთმანეთის არჩევანისა და სივრცის პატივისცემა. ჩვენი ერის მამები და ჩვენი იდენტობის შემდუღაბებლები ჯერ კიდევ როდის ფიქრობდნენ და წერდნენ კოსმოპოლიტიზმის ჯანსაღ მსოფლმხედველობაზე, იდენტობის, მიჯნურობის, მეგობრობის, ბრძოლის, მისტიციზმის, ხიდჩატეხილობის ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე, ადამიანად ყოფნისა და განწყობის თეორიებზე, – ყველაფრ იმაზე, რაც დღეს თანამედროვე საზოგადოების უპირველესი გამოწვევაა. სწორედ ეს საკითხებია ადამიანის ბრწყინვალე გონების გამოწვევები, რომელიც ახშობს დღეს შემეცნებას.
ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი პოზიცია, მიმდინარე მოვლენების კონტექსტში, შესაძლოა ბევრისთვის არ იყოს მისაღები. მოგეხსენებათ, დღეს ქართული საზოგადოება იმდენად პოლიტიზირებულია, რომ თუ არ განიხილება პოზიცია ერთი ან მეორე მხარის ინტერესთა ჭრილში, – ის საინტერესო არ გახლავთ. ან, მეორეს მხრივ, – ნებისმიერი პოზიცია და მოსაზრება განიხილება პრიზმაში, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგია დამკვეთი. მიგვაჩნია, რომ ეს არ გახლავთ ჯანსაღი საზოგადოებრივი პროცესი. სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველო ერთხელ კიდევ იხლიჩება, რაც მსოფლიო სულიერი, მენტალური და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, დამანგრეველი თუ არა, მეტად სახიფათოა ზემგრძნობიარე ქართული სულიერი სხეულისათვის, ამ ბირთვული და პანდემიური საშიშროების წინაშე მდგარ სამყაროში. დღეს, სამწუხაროდ, ხშირად პოლიტიკური ნარატივით, განსხვავებული აზრის გამო ხდება ადამიანების სტიგმატიზება, და აგრესიული დისკრიმინაცია-დისკრედიტაცია. აღნიშნული უმძიმეს შეცდომად და დანაშაულად მიგვაჩნია.იმედია, მალე ერთად მივაღწევთ მდგომარეობას, სადაც პოლიტიკურად ნეიტრალური მოქალაქე თავისუფლად შეძლებს, როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციის ძლიერ მხარდაჭერას, რომ ინსტიტუციებმა ქვეყანაში გამართულად იმუშაონ. ამასთან, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იგრძნობს ანგარიშვალდებულებას არა ოპონენტის, არამედ მოქალაქის წინაშე. თუმცა, ამ მდგომარეობამდე უნდა მივიდეთ ერთმანეთის დახმარებითა და ჯანსაღი სამოქალაქო პროცესების ხელშეწყობით.
დიახ, ჩვენი საზოგადოება „ახალი ნაკადი“ ღიად დეკლარირებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში დაიძრას ნეიტრალური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მკაცრად გაემიჯნება ტოქსიკურ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც შთანთქავს კულტურას, სპორტს, ხელოვნებას, მეცნიერებას და ახშობს შემოქმედებით პროცესს ქვეყანაში. ვინაიდან რთულია გაარკვიო სად არის სიმართლე და სად გაბრიყვება, ჩვენ ავიღებთ ჩვენს მკაცრ მთავარ ორიენტირს და არ ავყვებით შემოთავაზებულ მანიპულაციურ დღის წესრიგს.
აუცილებელია შეიქმნას ალტერნატიული აზროვნების სივრცე.მიგვაჩნია, რომ საზოგადოების საუბრის მთავარი თემა უნდა იყოს მეცნიერება, განათლება, სიბრძნე, ხელოვნება, კულტურა, სპორტი, სიკეთისა და სიყვარულის გაცნობიერების საკითხები, თვითმყოფადობის დაცვა–განვითარება, ეთიკის, ზნეობისა და მორალის, შემეცნების საკითები. აუცილებლად მივიჩნევთ საკუთარი თავის, როგორც შემოქმედის ქმნილების შეცნობა და შესაბამისობაში მოყვანა სამყაროს კანონზომიერებებთან. შესაბამისად, ადვილი მისახვედრია, რომ ამ თემებთან ნაკლებად მნიშვნელოვანია ყოველდღიური პარტიული პოლიტიკური დღის წესრიგი და პოლიტიზირებულობა. ჩვენ ვითანამშრომლებთ განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანებთან, ვინც აცნობიერებენ, რომ მიმდინარე პარტიული პოლიტიკური პროცესების მიღმა არის დიდი ასპარეზი, სადაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეებია გასაკეთებელი. მართალია, შეიძლება გვქონდეს ანგარიშვალდებულებები ჩვენს კონტრაქტორებთან, დონორებთან და ლობებთან, თუმცა, აუცილებელია ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება და მთავარზე ორიენტირებულობა.
თავისუფალი საზოგადოება „ახალი ნაკადის“ მიერ, ზემოთ ხსენებული მიმართულებით, გარკვეული მუშაობა უკვე ჩატარებულია. ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ მსგავსად მოფიქრალ ადამიანებთან ერთიანობით და თანამშრომლობით, ყველა დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია. შესაბამისად, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამოვდივართ ინიციატივით სურვილის შემთხვევაში შევასრულოთ მედიატორის როლი მხარეებს შორის. შეგვიძლია მოვახდინოთ საზოგადოებრივად ნეიტრალური ანგარიშგასაწევი ფოკუს–ჯგუფის ფორმირება, რომელიც ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი პათოსთან ჰარმონიაშია და ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა. ნებისმიერი მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში მზად ვართ თანამშრომლობისთვის.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ დავძენთ – სამწუხაროდ დღეს ადამიანი არ გახლავთ თავისუფალი და ეს რჩება თანამედროვე კაცობრიობის მთავარ გამოწვევად! იქნებ სწორედ ესაა „ძილისგან გამოფხიზლებისა“ და ამირანის გათავისუფლების ლეგენდარული მისტიური ბრძოლა?! ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს სათქმელს გაიგებს მოაზროვნე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენნაირად ფიქრობს და გვინდა ვუთხრათ, რომ ისინი მარტო არ არიან. ჩვენ მზად ვართ ურთიერთობისა და თანამშრომლობისთვის. ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე და ამ პროცესებში განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანონ ემიგრანტებმა, რომელთაც განვითარებულ ქვეყნებში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება დააგროვეს. იქნებ დადგა „ჟამი ქვათა შეგროვებისა“?! არ დაგვავიწყდეს სახარებისეული შეგონება, რომ ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. დღეს გლობალურად მიმდინარე პროცესები ნამდვილად ცხადყოფს, რომ თანამედროვე განვითარებული მსოფლიოსთვის კვლავ მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრი ვართ, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ ისევ ვჭირდებით სამყაროს. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ პასუხისმგებლობა დღესაც და გავაკეთოთ განაცხადი, ვართმევთ თავს, ვახერხებთ სახარებისეულად მოცემული „ტალანტების“ გამრავლებას და გადაცემას, – თუ „ტალანტების“ დაფვლისა და გაბნევას გზას ავირჩევთ?!
ვისურვებდით, რომ ჩვენს გულსა და გონებაში იშვას ახალი აზროვნების წიაღსვლები, რომელიც ახალ სასურველ რეალობას მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს და მთელს მსოფლიო საზოგადოებას.
თავისუფალი საზოგადოება „ახალი ნაკადი“
7 იანვარი 2025