ტრაგედია დატრიალდა დღეს კახეთში. ბაკურციხე – თბილისის დამაკავშირებელ გზაზე, ბარჯისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ავარიას ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და მსუბუქ ავტომანქანებს დაეცა. შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
- გარდაცვლილები არიან რომან ოსიტაშვილი და მათი ვაჟები დავით და ნიკა ოსიტაშვილები, ასევე რომან ოსიტაშვილის ქვისლი დავით ჭუაძე. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი ოსიტაშვილების ახლობლები უყვებიან, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ოსიტაშვილები და ჭუაძე გურჯაანში მიდიოდნენ.
ოსიტაშვილები ახშანიდან (სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (ქისტაურის თემი) იყვნენ.
“გურჯაანში მიჰყავდა დათო ჭუაძეს ქვისლი საოპერაციოდ, სწორედ ამ დროს მოხდა ავარია. საუბარიც მიჭირს, ვერაფერს ვამბობ” – გვიყვებიან ახლობლები.
უმძიმესი ამბავი დათოს და ნიკას დედამ ემიგრაციაში შეიტყო.
“საშინელი ამბავი ხდება. მამა და მისი ორი ვაჟი დაიღუპა და ეს ამბავი ბიჭების დედამ ემიგრაციაში გაიგო. იტალიაშია წასული. მონატრებულ შვილებს და მეუღლეს ცოცხლებს ვერ ჩაეხუტა. ბიჭების გარდა ერთი გოგო დარჩა ხათოს. ყველა სიტყვა უძლურია ამ ტრაგედიასთან” – ამბობენ გარდაცვლილი ოსიტაშვილების ახლობლები.
ბაკურციხე – თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიაზე გამოძიება უკვე დაიწყო.