“მთავარი არხი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ქართული ოცნების” წევრებს, ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შესვლა სამუდამოდ აეკრძალათ.
- ასევე მათი ცნობით, 80 000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც ზარქუას და სანიკიძეს აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო დაეკისრათ, გოჩა ენუქიძემ გადაიხადა.
გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ზარქუა და სანიკიძე საქართველოში დაბრუნდნენ და მათ აბუ -დაბიში მომხდარ ინციდენტზე ჯარიმა დაეკისრათ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატებმა ინციდენტის გამო, პოლიციის განყოფილებაში დღე ნახევარი გაატარეს, შემდეგ კი სასტუმროში იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.