საქართველოში დაწყებითი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეიქმნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და ქართველ და უცხოელ ინვესტორთა ჯგუფის მხარდაჭერით, შეიქმნა და აქტიურ მუშაობას შეუდგა “საქართველოს თანაინვესტირების ფონდი”.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კერძო საინვესტიციო ფონდი პოტენციურ ინვესტორებს ხელსაყრელ პირობებსა და განსაკუთრებულ შესაძლებელობებს სთავაზობს საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების განსახორციელებლად. პრემიერის ცნობით, დღეისათვის ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდი აშშ დოლარია, რაც, მისივე შეფასებით, ძლიერი ბიძგი იქნება ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის.
“საქართველოში დაწყებითი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება მეწარმეობის განვითარების სააგენტო. ეს სააგენტო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი მეშვეობით უნდა შევუწყოთ ხელი დაწყებითი ბიზნესის განვითარებას და, შესაბამისად, უნდა შევქმნათ საფუძველი, რომლის შემდეგაც კომერციული ბანკები მოახერხებენ ახალ შექმნილი ბიზნესის დაკრედიტებას”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 2013 წლის ივლისში საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, რომელიც პრემიერის განცხადებით, ქმნის საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის უპრეცედენტო პოტენციალს და 500-მილიონიან ბაზარზე გასვლის უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს ქართულ ბიზნესს.
“ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს საექსპორტო პოტენციალს, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის. ჩვენ კარგად გვესმის ხელისუფლების როლი ამ პროცესში და ვხედავთ შესაძლებლობას, თქვენთან ერთად გადავწყვიტოთ ქვეყნის ეკონომიკისათვის ისეთი პრიორიტეტული ამოცანები, როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკის რეალური სექტორის სტიმულირება და ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა, საექსპორტო პოტენციალის მქონე დარგების განვითარება და ამის შედეგად – დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დასასრულს, ბიზნესმენებს მიმართა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და გაძლიერება თითოეული მათგანის ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაზეა დამოკიდებული.
“მე, როგორც მთავრობის მეთაური, გპირდებით, რომ მთავრობა შეგიქმნით ყველა პირობას, რათა რაც შეიძლება ნაკლები დაბრკოლება არსებობდეს თქვენს საქმიანობაში და გქონდეთ სტიმული ბიზნესის განვითარებისათვის, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლის საწინდარი იქნება. წარმატებებს გისურვებთ ყველას”, – აღნიშნა პრემიერმა.
15.01.14