ქვეყნის განვითარებისთვის პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები გარდაუვალი და აუცილებელი მოვლენაა, თუმცა ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ნებისმიერი ცვლილება გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე. იმისათვის, რომ განხორციელდეს მომგებიანი პოლიტიკა, საჭიროა გადაწყვეტილებების სწორი დასაბუთება.2013 წელს საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც მიმდინარე წელსაც საკმაოდ აქტუალურია.
,,თბილისი თაიმსი’’ დაინტერესდა რამდენად საჭიროა იმ ცვლილებების განხორციელება, რაც დღეს-დღეობით ხდება და რა შეიძლება ამან მოუტანოს ქვეყანას მომავალში. აღნიშნულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ექსპერტებმა – რამაზ საყვარელიძემ, სანდრო თვალჭრელიძემ და ვაჟა შუბითიძემ.
როგორ ფიქრობთ, მოხდება თუ არა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები და რამდენად გამართლებული და დროული იქნება აღნიშნული?
რამაზ საყვარელიძე: მიმაჩნია, რომ ზოგადად თანამდებობის პირები უნდა იცვლებოდნენ, თუ ისინი არ შეესაბამებიან მათი უწყების წინაშე დასმულ ძველ ან ახალ ამოცანებს. თუმცა აქვე ავღნიშნავ, რომ მინისტრები ძველი ამოცანებისთვის შეუსაბამო რომ ყოფილიყვნენ, მათ ძველი პრემიერი შეცვლიდა. რაც შეეხება ახალ პრემიერს, მას ყველა უწყებისთვის ჯერ-ჯერობით ახალი ამოცანები არ ექნება, ამიტომ არ მგონია, რომ ცვლილებები განხორციელდეს.
სანდრო თვალჭრელიძე: ჩემი აზრით, მინისტრთა კაბინეტში გამორიცხულია გლობალური ცვლილებები, შესაძლებელია რამდენიმე მინისტრი შეიცვალოს, თუმცა რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს და სამართალდამცავ გუნდს არ მგონია ცვლილებები განხორციელდეს. თუ მაინც მოხდა, ეს იქნება დამღუპველი.
ვაჟა შუბითიძე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნა და ეს ადეკვატურ მდგომარეობას არ შეესაბამება. მოსახლეობამ ივანიშნილს დაუჭირა მხარი და წასვლის შემდეგ გაურკვეველია მისი სახელით და ავტორიტეტით ვინ რას აკეთებს. ამიტომ ახალი რეალობა უნდა შეიქმნას, პირველ რიგში რადიკალური ცვლილებები მთავრობაში უნდა განხორციელდეს. უკვე ნათელია, რომ ბევრი მინისტრი დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ართმევს თავს, მაგალითად, ეკონომიკის პროფილის მინისტრები. შეიძლება ითქვას, რომ მინისტრთა უმრავლესობა ცუდი არ არის, მაგრამ ქვეყანაში რთულ ვითარებას სათანადოდ ვერ უმკლავდებიან. გვირჩევია მინისტრი იყოს წესიერი და ამავე დროს პროფესიონალი თავის საქმეში, ამიტომ რადიკალურ ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტში ვემხრობი. მიმაჩნია, რომ ეს უნდა მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე. გარდა ამისა საჭიროა საპარლამენტო არჩევნების ვადამდე ადრე ჩატარება. ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი დაახლოებით 5%-ს შეადგენს, მაგრამ ამის მიუხედავად ფლობს 64 ადგილს პარლამენტში, რაც სრულიად შეუსაბამოა. ასევე ქართული ოცნებიდან უნდა გადაირჩიოს ბევრი ადამიანი. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ დღეს უკვე სხვა დონის პროფესიონალები გვჭირდება მთავრობაში, პარლამენტში, სასამართლოში და პროკურატურაში.
თუ შეგიძლიათ დაასახელოთ 2013 წელს ყველაზე ძლიერი და სუსტი მინისტრები…
რამაზ საყვარელიძე: რთულია ცალსახად ამაზე საუბარი, თუმცა ყველაზე თვალსაჩინო წარმატება საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა – ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. როგორც ჩემთვის ცნობილია, სერიოზული შედეგები ასევე აქვს ინფრასტრუქტურის, განთლების თუ ეკონომიკის სამინისტროებს. სამწუხაროდ, სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია.
სანდრო თვალჭრელიძე: სუსტს მინისტრებს არ დავასახელებ, რომ არ ეწყინოთ, თუმცა ძლიერი მინისტრები კი შემიძლია ავღნიშნო: ასეთად მიმაჩნია ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი ალასანია, ნოდარ ხადური, თეა წულუკიანი და კახი კალაძე.
ვაჟა შუბითიძე: მიმაჩნია, რომ ყველაზე რთული საქმე ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ჩაბარებული – დანაშაულთან ბრძოლა. ეს ერთ-ერთი რთული საკითხია და ვფიქრობ, რომ ამ საქმეს მან ყველაზე კარგად გაართვა თავი. არიან მინისტრები, რომლებიც ასევე ცდილობენ უკეთებოსისკენ წაიყვანოს ქვეყანა, მაგალითად, ნარმანია. დანარჩენებზე მაინც და მაინც კარგს ვერაფერს გეტყვით: კულტურის, განთლების და მეცნიერების, ლტოლვილთა და განსახლების, საგარეო საქმეთა მინისტრები ძალიან სუსტები არიან.
თქვენი აზრით 2014 წელს რომელ სამინისტროს მოუწევს მუშაობა ყველაზე დატვირთულ რეჟიმში?
რამაზ საყვარელიძე: მიმაჩნია, რომ ყველა სამინისტროს მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმვა ისევ და ისევ პროკურატურას მოუწევს მუშაობა დატვირთულ რეჟიმში.
სანდრო თვალჭრელიძე: ჩემი აზრით, ტრადიციულად შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს მოუწევს ბევრი მუშაობა. გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა შეცვალოს მუშაობის სტილი, მეტი ყურადება მიაქციოს ლიცენზირებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებს უფრო ნათელი პასუხები გასცეს.
ვაჟა შუბითიძე: რა თქმა უნდა ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და საგარეო საქმეთა სამინისტროებს მუდმივად დატვირთულები იქნებიან. საქართველოს წინაშე მაღალი რისკის მქონე გამოწვევები იქნება, განსაკუთრებით სოჭის ოლიმპიადის შემდეგ. ამ ყველაფრის გათვალისწინების არც ერთი სამინისტროს საქმიანობა ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩემს მიერ აღნიშნულ სამინისტროებს განსაკუთრებით სჭირდება გამოცდილი, პროფესიული ადამიანები.
2014 წელს რა სირთულე და გამოწვევები შეიძლება შეექმნას მთავრობას როგორც შიდა ასევე საგარეო, სამეზობლო პოლიტიკაში?
რამაზ საყვარელიძე: როგორც ცნობილია, დღეს შიდა პოლიტიკაში ეკონომიკის და სამართლიანობის აღდგენის პრობლემები არსებობს. გარდა ამისა, ქრონიკული პრობლემაა უმუშევრობა. რაც შეეხესა საგარეო პოლიტიკას, მე ისევე, როგორც ბევრი სხვა, პრობლემებს ჩრდილოეთიდან ველოდები.
სანდრო თვალჭრელიძე: რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას ცოტა რთულია პასუხის გაცემა, არაპროგნოზირებადია რას მოიმოქმედებს ჩრდილოელი მეზობელი, თუმცა მიმაჩნია, რომ მას შეზღუდული აქვს სამოქმედო პერსპექტივა, რაც შეეძლო მან უკვე გააკეთა. აქვე შევეხები სოჭის ოლიმპიადის თემას და ავღნიშნავ, რომ თითქმის ყველა განვითარებული ქვეყნის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ოლიმპიადაზე დასწრებაზე. (ბარაკ ობამამ ყოფილი ჩინოვნიკი, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი გაუშვა დელეგაციის ხელმძღვანელად). ჩემი აზრით, 2014 წელი საქართველოსთვის ევროპასთან დაახლოების წელი იქნება და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. რასაკვირველია, არ არის გამორიცხული რეგიონალური გამოწვევები. თუ ირანის და ისრაელის შორის კონფლიქტი და ტერორიზმი ოლიმპიადის დროს დაიწყება, ჩვენ გვმართებს მეტი სიფრთხილე, რადგან აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის ჩვენ საზღვრებს.
ვაჟა შუბითიძე: მიმაჩნია, რომ შიდა პოლიტიკაში უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრა, სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავეთა გამოვლენა და უკანონოდ მითვისებული თანხების დაბრუნება იქნება საკმაოდ რთული. ხელისუფლება ცდილობს ამ საკითხების მოგვარებას, მაგრამ მათი მხრიდან საკმაოდ მოკრძალებული და სუსტი მცდელობაა, უფრო გაბედული ნაბიჯებია საჭირო. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, უფრო ფრხილად უნდა ვიყოთ. ამერიკისა და რუსეთის ინტერესები ამ ეტაპზე გარკვეულ წილად დაემთხვა, თუნდაც ავღანეთთან დაკავშირებით. ამიტომ არა მგონია ამერიკამ მხარი დაგვიჭიროს, თუ რუსეთი ისევ პრობლემას შეგვიქმნის. რუსეთთან კულტურული, ეკონომიკური კავშირები უნდა გავაღრმაოდ. საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი საჭიროა. ჩვენ მაგივრად მათთან არსებულ პრობლემებს ვერც ამერიკა და ვერც ევროკავშირი ვერ მოაგვარებს. რა თქმა უდნა დასავლეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ მიმაჩნია, რომ თავად მოგვიწევს ურთიერთობის გარკვევა. რუსეთი შეეცდება ორნაირი პოლიტიკის გახორციელებას: ერთი იქნება თბილი და მეგობრული, ხოლო მეორე მხრივ არ არის გამორიცხული მავრთულხლართების გადმოწევა. ორივესთვის უნდა ვიყოთ მზად და რუსეთს არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ ახალი კონფლიქტი წამოიწყოს.
რა მიგაჩნიათ 2013 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად საქართველოსთვის?
რამაზ საყვარელიძე: მიმაჩნია, რომ სააკაშვილის და ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ ქართულ პოლიტიკაში ახალი რეალობა შექმნა, რაც მნიშვნელოვანი და პროგრესულია საქართველოსთვის.
სანდრო თვალჭრელიძე: რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვნი: საპრეზიდენტო არჩევნები, ბიძინა ივანიშვილის წასვლა პოლიტიკიდან. ვფიქრობ, რომ ეს ქართული დემოკრატიული პოლიტიკისათვის წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი პარტნიორებისათვის გვეჩვენებინა, რომ გახმაურებული საქმეები ეს არის სისხლის სამართვლის საქმე და არა პოლიტიკური დევნა. ნოდარ ხადურმა ბიუჯეტი გადაარჩინა და ქვეყანაში არ დაიწყო რთული ეკონომიკური კრიზისი. მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება’’ მოვიდა, დიდ გადამხდელებს უკვე წინასწარ ჰქონდათ გადახდილი მილიარდ ნახევარი დოლარი, ასე, რომ რაც ხადურმა გააკეთა – უმაღლესი პროფესიონალიზმია.
ვაჟა შუბითიძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში დაიწყო ძვრები, თუნდაც კახეთის მაგალითი, რომ მოვიყვანოთ: უფრო მეტი ტერიტორია დაითესა და მეტი მოსავალი მიიღო ხალხმა. სოფელი თუ ამუშავდება – გადამამუშავებელი ქარხნებიც გაიხსნება. გარდა ამისა, ტურიზმის სფეროშიც წინსვლა შეიმჩნევა. მიმაჩნია, რომ ეს ორი დარგი საქართველოში პრიორიტეტული უნდა იყოს. განათლების სისტემაში ასევე უნდა განხორციელდეს სერიოზული ცვლილებები: სკოლებში კადრების გადამზადებას, სწავლის ხარისხს, სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას უნდა მიექცეს ყურადღება. თუ მოსწავლეები არ იქნებიან განათლებულები, სტუდენტებისგან რა უნდა მოვითხოვოთ? ჩვენ იმისკენ უნდა მივისწრაფოთ, რომ განათლების ხარისხით ისეთ განვითარებულ ქვეყნებს გავუთანაბრდეთ, როგორიც არის გერმანია, ამერიკა. საზოგადოებაში საკმაოდ აქტუალურია თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თემა.
თქვენი შეფასებით, რამდენად საჭიროა საქართელოსთვის 5 თვითმმართველი ქალაქის ნაცვლად 12-ის შექმნა?
რამაზ საყვარელიძე: ჩემთვის ახლა მიუღებელია და არ მესმის, რა საჭირო იყო ასეთ სიჩქარეში ამ კოდექსის მიღება. ისიც კი არაა კარგად ცნობილი, რა ამოცანების გადაწყვეტას ისახავდნენ მიზნად კანონის ავტორები. ამიტომ, კონკრეტული ფრაგმენტების შეფასება მიჭირს…
სანდრო თვალჭრელიძე: ეს არის 2014 წლის მთავარი ამოცანა. მე აღნიშნულთან დაკავშირებით დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ რაც მეტი არჩეული თვითმმართველობა იქნება, მით უკეთესი. ყველა წინა ხელისუფლების მმართველობის დროს კარდინალური შეცდომა გახლავთ თვითმმართველობის სისტემის შეზღუდვა. თვითმმართველობა ნიშნავს საზოგადოების დეპოლიტიზაციას – თვითმმართველობის ორგანოში პირი იქნება არჩეული არა პოლიტიკური, არამედ პირადი თვისებების მიხედვით.
ვაჟა შუბითიძე: დასავლეთმა დღეს-დღეობით არსებული თვითმმართველობის დონის შექმნას მოანდომა სულ მცირე 100 წელი, ჩვენ კი გვინდა უცბად დავეწიოთ მათ. საქართველოში კანონები არის ძველი, სურვილი ახალი, მცდელობები სამომავლო. ეს ყველაფერი ერთმანეთს არ ემთხვევა. მიმაჩნია, რომ არ შეიძლება პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გზების გაყვანაში ერეოდნეს. თუ ქალაქი და სოფელი თავის თავს მიხედავს, ქვეყნის წინსვლა უფრო თვალშისაცემი იქნება, თუმცა რასაკირველია სახელმწიფოს მოვალეობაა დაეხმაროს მათ განვითარებაში.
როგორ შეაფასებდით იმ ფაქტს, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის დღევანდელი მინისტრი დავით ნარმანია თბილისის მერის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, როგორი არჩევანია?
რამაზ საყვარელიძე: მე ვთვლი, რომ შესანიშნავი არჩევანია. რაც შეეხება იმ საყვედურს, რომ თბილისელი არ არის, გავიხსენოთ, რომ თბილისში ყველა რეგიონებიდან არის ჩამოსული. მაშინ გამოდის, რომ ერთადერთი „ნაღდი“ თბილისელი ხოხობი იყო და ისიც გოგირდიან წყალში მოხარშეს.
სანდრო თვალჭრელიძე: ეს მისი და პარტიის საქმე. მე დავით ნარმანიას კარგად ვიცნობ და ვთვლი, რომ კარგად ზის თავის ადგილზე, ის კარგი მინისტრია, კარგ პროექტებს ახორციელებს და სამინისტროში კორუფცია აღმოფხვრა. მირჩევნია, რომ თბილისის მერი იყოს ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ თვითონ, არამედ მისი მშობლები და წინაპრები თბილისში დაიბადნენ.
ვაჟა შუბითიძე: ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული მენტალობის პრობლემა იკვეთება. ხშირად ჩნდება კითხვა: შეიძლება თუ არა რაიონიდან ჩამოსული ადამიანი იყოს თბილისის მერი? თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველა ჭკვიანი, წესიერი ადამიანი რეგიონიდან არის ჩამოსული, რატომ არ შეიძლება დავით ნარმანიამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა? გიგი უგულავა თბილისელი გახლავთ, მაგრამ რა გააკეთა ფულის მითვისების და ქალაქის ბიუჯეტის დაღუპვის მეტი?
დღეს ხელისუფლებას ყველაზე მეტად რა მოეთხოვება?
რამაზ საყვარელიძე: მიმაჩნია, რომ როგორც ყველა დროში, ასევე დღესაც, ხელისუფლების პირველი ამოცანაა მართოს ქვეყანა.
სანდრო თვალჭრელიძე: ხელისუფლებას მოქალაქეებზე ზრუნვა და სოციალური პრობლემების მოგვარება მოეთხოვება. იმის მიუხედავად, რომ თბილისის ქუჩებში ბევრი პრესტიჟული მანქანებია, მიმაჩნია, რომ მაინც ღარიბი ქვეყანა ვართ და ეს სიღარიბე უნდა დავძლიოთ.
ვაჟა შუბითიძე: პრინციპულობა, სამართლიანობა, კადრების სწორი შერჩევის უნარი უნდა გააჩნდეს ხელისუფლებას. თუ სამინისტრო სათანადოდ იმუშავებს, ხალხი ამ შრომას დაუფასებს. მიმაჩნია, რომ მინისტრებმა ჯერ სათანადოდ უნდა იმუშაონ, ხოლო ამის მერე მიიღონ მაღალი ხელფასი და არა პირიქით…
16.01.14
მარინა ფიდუაშვილი