სუროგაციასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამით პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, ეთანხმებოდა თუ არა პატრიარქის ეპისტოლეში სუროგაციის, აბორტების და ხელოვნური განაყოფიერების შესახებ ეპიზოდს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პატრიარქის ეპისტოლე იყო ღრმა და შინაარსიანი.
“მე მოვისმინე კრიტიკაც, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს. სუროგაციასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი ქვეყნებიც ვერ თანხმდებიან, იგივე საფრნაგეთში აკრძალულია სუროგაცია. სუროგაციაზე თუ პატრიარქს ჰქონდა მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს მისი აზრია. ის ჩვენი სულიერი მამაა და აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, როგორც ყველა ადამიანს.
სუროგაციაზე დავობენ და მსჯელობენ ევროპაში ჩემზე კომპეტენტური ადამიანები. მე არ ვარ კომპეტენტური ამ სფეროში და რაშიც არ ვარ კომპეტენტური, იმაზე აზრს ვერ გამოვხატავ მანამ, სანამ არ გავერკვევი”,-დასძინა ღარიბაშვილმა.
16.01.14