“საქპატენტმა” ამერიკის მთავრობის დახმარებით, საკუთრების ახალი ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა დანერგა. პროექტის პრეზენტაციას დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დაესწრო.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციის და მართვის ავტომატიზებული ონლაინ სისტემა ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელებისთვის ობიექტების შეუფერხებლად და ზედმეტი დანახარჯების გარეშე რეგისტრაციას ისახავს მიზნად.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, ეს არის საქართველოს მთავრობის და ბიზნესის წარმატებული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოს უკეთეს მომავალს, როგორც სამუშაო ადგილების შექმნის, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით.
“ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ პატენტები, გამოგონებები, სავაჭრო ნიშნები და თუნდაც ფილმის საავტორო უფლებები იყოს უზრუნველყოფილი, რაც გამოიხატება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვაში. საქართველო ძალიან კრეატიული ქვეყანაა და კრეატიულობის დაცვა დაკავშირებულია საავტორო უფლებების უზრუნველყოფასთან. მოხარული ვართ, რომ USAID-ის და UGT-ს თანამშრომლობით შეიქმნა ელექტრონული რეგისტრაციის სისტემა, რომელიც უფრო თანამედროვეს, ხელმისაწვდომსა და მარტივს გახდის ბიზნესმენებისა და გამომგონებლებისთვის საკუთრების უფლების დაპატენტებას. წელს, როდესაც მთავრობა ცდილობს უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა და მოიზიდოს მეტი ინვესტიცია, ასევე დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, მიგვაჩნია, რომ დღევანდელი ღონისძიება ამ გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია”, – აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
“საქპატენტის” ხელმძღვანელის ირაკლი ღვალაძის განცხადებით, ახალი ელექტრონული სისტემა “საქპატენტის” მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდასაც.
“ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონული სისტემის არსებობა ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებისთვის. ეს არის უნივერსალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ყველა ობიექტის რეგისტრაციას. აღნიშნული სისტემის სრულად დანერგვის შემდეგ, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი გახდება, რადგან ამგვარი უნივერსალური, გამართული სისტემით აღმოსავლეთ ევროპაში სულ რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს”, – აღნიშნა ირაკლი ღვალაძემ.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის შეფასების ახალი სისტემა, სახელმწიფო და კერძო სექტორში არსებულ დაინტერესებულ პირებს, ყოველწლიურად 4 000 000 ლარის ოდენობით ხარჯს დაუზოგავს.