დედაქალაქში შექმნილ მძმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე საზოგადოებაში დიდიხანია საუბრობენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2009–2011 წლებში თბილისის მერიის დაკვეთით, ქალაქის ტერიტორიაზე მოჭრილია 5065 ძირი ხე და ამ რაოდენობამ დღესდღეობით საგრძნობლად იმატა. ამას გარდა, მერიის მხრიდან გასხვისებულ ტერიტორიებზეც სხვადასხვა ობიექტების მშენებლობას ასეულობით ხე შეეწირა. დღეს მწვავე პრობლემურ საკითხად რჩება ვაკის პარკში, ყოფილ რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა. მერიის წინ გაიმართა რამდენიმე აქცია პარტიზანი მებაღეების ინიციატივით, რომელთაც ასეულობით ადამიანი შეუერთდა.
აქციის ორგანიზატორისა და მონაწილეების მოთხოვნას, თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა გიორგი ქორქაშვილმა უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ იგეგმება, არ მოიჭრება ხეები და გარემო არ დაზიანდება:”კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ტერიტორია არის კერძო საკუთრებაში, რადგან მოსახლეობას ამ საკითხზე მწვავე რეაქცია აქვს და ბევრი კითხვა არსებობს, ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ იმდენჯერ რამდენჯერაც სურვილი ექნებათ.“ აქციის ორგანიზატირები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიამ ბოროტად გამოიყენა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლება და საკრებულოს მხარდაჭერით, გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ვაკის პარკის სარეკრეაციო ზონას და საზოგადო სივრცის კერძო ინტერესებისათვის ბოროტად გამოყენების ფაქტს წარმოადგენს. ჯერჯერობით, ამ საკითხზე მხოლოდ რამდენიმე გარემოსდამცველთა არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურობს. „თბილისი თაიმსს“ მიმდინარე მოვლენებსა და სხვადასხვა დეტალებზე ესაუბრა, პარტიზანი მებაღეების აქტივისტი ნატა ფერაძე.
ქალბატონო ნატა, რადგან პირველად ვაკის პარკში მიმდინარე მოვლენებზე პროტესტი პარტიზანი მებაღეებისგან წამოვიდა, ორიოდე სიტყვით გაგვაცანით რა მოძარაობა, ხშირად როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას ისე მოგიხსენიებენ, რას წარმოადგენთ და რას საქმიანობთ? ჩვენ არ ვართ ორგანიზაცია, არ გვაქვს ოფისი, მხოლოდ ფეისბუქ “გვერდზე” გაერთიანებული თავისუფალი მოქალაქეების ერთობა ვართ და ერთად ვგეგმავთ ღონისძიებებს. გვაქვს გასვლები სხვადასხვა ტერიტორიებზე, სადაც ვრგავთ ან ვრწყავთ ხეებს. დარგვის აქციები ხშირად მიმდინარეობს, დღესდღეობის 300მდე ძირი ხე გვაქვს დარგული. ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესახებ როდის გაიგეთ და რა ნაბიჯები მოჰყვა ამას თქვენი მხრიდან? მერიის ვებ-გვერდზე იდება ინფორმაციები სხვადასხვა ინვესტიციების ან მშენებლობების შესახებ. ჯერ კიდევ ვაკის პარკის რეაბილიტაცია, როცა დაიწყო მაშინ გვქონდა შეხვედრები თბილისის მერიის გამწვანების სამსახურთან როდესაც რეაბილიტაციის ფარგლებში „ოქროს ხეების“ დარგვას აპირებდნენ, რაც შემდგომ გააუქმეს. შემდეგ, აპირებდნენ საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე ქვაფენილების დაგებას და ჩენივე მოთხოვნით მათი დიდი რაოდენობა არ დაიგო. რაც შეეხება სასტუმროს მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით შევიტანეთ განცხადება, ასევე წარმოვადგინეთ სპეციალური პეტიცია, რომლის ხელმომწერებმაც მოვითხოვეთ მორატორიუმის გამოცხადება სანამ ადმინისტრაციულ ორგანოებთან არ შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები, რომლებიც დაკომპლექტდება ეკოლოგებით, ურბანისტებით, იურისტებით, შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებით. სამომავლოდ რას გეგმავთ, რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები? ჩვენ მერიის წინ ჩავატარეთ რამდენიმე აქცია, ბოლო აქციაზე მუსიკოსებიც შემოგვიერთდნენ, აქციის დასრულების შემდეგ იყო დაგეგმილი მერიაში ამ საკითხის განხილვა, თუმცა განხილვაზე ინვესტორი არ მოვიდა. შევიტანეთ სარჩელი მერიის იურდიულ სამსახურში, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სარჩელი არავითარ შემთხვევაში ინვესტორის სახელზე არ უნდა შეგვეტანა, რადგან წაგების შემთხვევაში მშენებლობის გაცდენილ თითოეულ დღეს ჩვენ აგვანაზღაურებინებდნენ. ამ ეტაპზე, ველოდებით სევდია უგრეხელიძის პასუხს, რომელმაც წინა დღეებში განაცხადა, რომ მშენებლობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს და არგუმენტებად ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას ასახელებს, რაც სარეკრიაციო ზონის განადგურების ხარჯზე მოხდება, ეს კი ჩვენთვის მიუღებელია. ასევე ველოდებით მერიის იურიდიული სამსახურისგან ჩვენ მიერ შეტანილი განცხადების პასუხს და უახლოეს დღებში უნდა შევადგინოთ ალტერნატიული (პარტიზანული) დაცვის გეგმა. რამდენადაც ვიცით, ვაკის პარკში მიმდინარეობს პარტიზანების მორიგეობა, არსებობს ცხელი ხაზიც, როგორ ხდება ამ ყველაფრის მობილიზება და რა მდგომარეობაა დედაქალაქის სხვა უბნებში? დიახ, მორიგეობა ინტენსიურად მიმდინარეობს, არსებობს სპეციალური ცხელი ხაზი, სადაც თუ მოგვივა შეტყობინება მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით მაქსიმალურად ბევრნი დავირაზმებით და მივალთ, ხელს შევუშლით. გარდა მორიგეობისა, ვგეგმავთ სპეციალური კარვების დადგმას, რომელიც უპრეცედენტო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ მოვაწყობთ პიკნიკს, ჩავატარებთ საგანმანათლებლო ლექციებს და ეს იქნება სოციალური აქტივობის კერა. რაც შეეხება დედაქალაქის სხვა უბნებს, ჩვენ ყოველდღიურად შემოგვდის სიგნალები სხვადასხვა უბნებიდან, სადაც მასიურად იჭრება ხეები, ნადგურდება მწვანე ნარგავები და ამ მხრივ, საერთო ფონი თბილისის მაშტაბით კატასტროფულია. მერიის გარდა, თუ გქონდათ სამთავრობო წრეებთან ან საკრებულოში შეხვედრები? დიახ,საკრებულოში შეხვედრა გვქონდა, თუმცა ისინი მხოლოდ ბოლო ცხრა წლის პრობლემებზე წუხილს გამოთქვამენ და ეს შეხვედრებიც ერთგვარი მძიმე ღუზა, შემაფერხებელი აღმოჩნდა ჩვენთვის, უბრალოდ დრო და რესურსი დავკარგეთ იმის იმედით, რომ ნამდვილად დაგვეხმარებოდნენ. გარდა ამისა გვქონდა, ბატონ დავით ნარმანიასთან შეხვედრაც, სამთავრობო წრეებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან მოგვდის ხმები ამ პრობლემასთან დაკავშირებით , თუმცა დასაიმედებელი არაფერი. ცალსახაა ის ფაქტიც, რომ არ არის ამ პროცესში ჩართული ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვენი შეფასება ამ ფაქტთან დაკავშირებით? სამწუხაროა ის ფაქტი,რომ ვართ მხოლოდ ჩვენ, „უსაფრთხო სივრცე“, „მწვანე ალტერნატივა“ და მოსახლეობა. გარემოსდამცველთა 3 000 ორგანიზაციაა დარეგისტირირებული საქართველოში, ეს ძალიან დიდი რიცხვია, გაუგებარია ჩემთვის ის ფაქტი თუ რატომ დუმან ეს ადამიანები. ამ ორგანიზაციებიდან თითო კაცი, რომ გამოეშვათ აქციებზე წარმოიდგინეთ რამედნი ვიქნებოდით. “ შეგახსენებთ, რომ თბილისში მიმდინარე აქციებს საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, მუსიკოსები,ხელოვანები,მსახიობები შეუერთდნენ და თანადგომა გამოუცხადეს აქციის მონაწილეებს. გარდა ამისა, ვაკის პარკის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ქალაქ მცხეთაში, ერევანში, ბერლინსა და მიუხენში. 17.01.14 ნათია კეკენაძე