აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერა ასოცირების ხელშეკრულების მხარდაჭერის კონტექსტში არის გამოყოფილი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამერიკის კონგრესმა 2014 წლის ასიგნებათა გაერთიანებული აქტი მიიღო, რომელიც ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს, მათ შორის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებისთვის და კერძოდ, საქართველოსთვის.
“ეს გულისხმობს, რომ აშშ ფინანსურად დაეხმარება საქართველოს, რათა უზრუნველყოს პროგრესი 2014 წლის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე და სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მიღებამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აშშ-ს მხრიდან”, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, საუბარია ასევე, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონგრესს უნდა წარუდგინოს ანგარიში, თუ რა გამოწვევები ელის საქართველოს და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სხვა ქვეყნებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან.
ზალკალიანის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა სახელმწიფო მდივნის მხრიდან უნდა მოისმინოს ანგარიში, თუ რა გეგმები აქვს სახელმწიფო დეპარტმენტს და აშშ-ს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
აშშ საქართველოს 2014 წელს დახმარების სახით 62 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გამოუყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2014 წლის 15 იანვარს ხმათა უმრავლესობით (359 ხმა 67 ხმის წინააღმდეგ) 2014 ფისკალური წლისთვის ასიგნებების გაერთიანებული აქტი მიიღო, რომლითაც გათვალისწინებულია ფინანსური სახსრების გამოყოფა “აღმოსავლეთ პარტნიორიობის” პროგრამაში ჩართული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს დასახმარებლად. დოკუმენტს მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმაც (72 ხმა 26 ხმის წინააღმეგ).
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დასახმარებლად შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
18.01.14