კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე მომხდარი შეტაკების დროს დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას liga.net ჟურნალისტ მიროსლავა ღონღაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიროსლავა ღონღაძის თქმით, როგორც მას ერთ-ერთმა თვითმხილველმა ალექსეი ვლასოვმა ფეისბუქზე მისწერა, რამდენიმე ჟურნალისტს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდათ.
ამასთან, დაშავებულ ჟურნალისტებს შორის არიან Splino.tv-ს, ICTV-ს, Вести-სა და რამდენიმე სხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.
“ყველა მათგანი პრესისთვის სპეციალურად განკუთვნილ ნარინჯისფერ ჟილეტსა და ჩაფხუტში იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი დაშავებულია ძალოვანების მხრიდან განხორციელებული შეტევის შედეგად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ შეტევა სპეციალურად მიიტანეს პრესის წარმომადგენლებზე”, – აღნიშნავს ალექსეი ვლასოვი.
კიევში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის წუხანდელი შეტაკებების შედეგად საერთო ჯამში ასზე მეტი ადამიანია დაშავებული. სიტუაცია კიევში მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესმა რადამ 16 იანვარს მიიღო კანონები, რომელიც აქციების გამართვას წესებს ამკაცრებს და სამოქალაქო აქტივობის შეზღუდვას ითვალისწინებს.
20.01.14