საქართველოს ტელერადიო ცენტრი თბილისის მერიის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებისა და განცხადებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, – ამის შესახებ “ტელერადიო ცენტრის” განცხადებაშია ნათქვამი. “თბილისი თაიმსს” საქართველოს ტელერადიო ცენტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა იყოს ის, რომ თბილისის მერიის მიერ, 2007 წლიდან დამონტაჟებულ იქნა დღეს არსებული დეკორატიული განათება და ანძის სასიგნალო განათება (ე.წ. შუქურა) მერიისვე კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე იქნა გამორთული. მიუხედავად იმისა, რომ შუქურა 2007 წლის შემდეგ პრაქტიკულად აღარ გამოიყენება, ტელერადიო ცენტრის ტექნიკური სამსახური რეგულარულად ახდენს შუქურის მდგომარეობის გადამოწმებას. უკანასკნელად, განათების გადამოწმება მოხდა 2013 წლის დეკემბერში. 2014 წლის 20 იანვარს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე, 16:30 საათზე, ქ. თბილისის მერიის დავალებით, ტელერადიო ცენტრის ტექნიკურ სამსახურთან შეუთანხმებლად, შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდა ანძის განათების გათიშვა. ანძის სასიგნალო განათება (შუქურა) კი, ჩვენთვის ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზებით არ ჩაირთო, რამაც თავის მხრივ, საფრთხე შეუქმნა თბილისის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერიის მხრიდან, რამდენიმე საათით ადრე მაინც, გამოგზავნილ იქნებოდა შეტყობინება, ანძის გარე განათების გათიშვის შესახებ, ტელერადიო ცენტრის ტექნიკური სამსახური შეძლებდა განათების ხელახალ საკონტროლო გადამოწმებას და ზემოთხსენებული შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილებას”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, მერიის მიერ ტელეანძაზე შუქის გამორთვის გამო, გაკეთდა განხაცხადებები, რომ გაითიშა სანავიგაციო შუქურაც, რაც საფრთხეს უქმნის ფრენების უსაფრთხოებას. ამ საქმეზე პროკურატურამ გამოძიებაც დაიწყო. 21.01.14