როგორც მოგეხსენებათ, შეწყალების კომისიის ახლადდაკომპლექტებული ჯგუფი 2013 წლის 26 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წარუდგინა საზოგადოებას. 11 წევრისაგან შემდგარ კომისიაში წელს პირველად, აღარ შევლენ პრეზიდენტის მრჩეველები. ახალი მოვალეობის შესრულებას კომისიის ახალი წევრები აქტიურად და დიდი პასუხისმგებლობით შეუდგნენ. შეწყალების კომისიის ჯგუფის შემადგენლობის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელია საზოგადოებისათვის ცნობილი ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, რომელიც „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა შეწყალების კომისიის პრიორიტეტებზე, არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.
ქალბატონო თეა, თუ ეცნობოდით წინა შეწყალების კომისიის საქმიანობას და თქვენი აზრით, რა არსებითი განსხვავებაა ძველი და ახალი კომისიის მუშაობაში?
პირველი არსებითი ცვლილება არის ის, რომ ახალმა კომისიამ დღის წესრიგში დავაყენეთ დებულების შეცვლის საკითხი. პრეზიდენტთან შეთავაზების სახით წარვადგინეთ ცვლილებები ჩვენამდე არსებულ დებულებაში, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, უფრო წარმატებულსა და ლიბერალურს გახდის კრიტერიუმებს, რომელთა მიხედვითაც ამჟამინდელი კომისია განვიხილავთ საქმეებს შეწყალების რეკომენდაციის გაცემისათვის.
რა არის ახლა და სამომავლოდაც რა იქნება ახალი კომისიისათვის პრიორიტეტული? როგორ საქმეებს მოეკიდებით შედარებით ლმობიერად?
ეს პრინციპი მარტივადაა წარმოდგენილი, ჩვენ ვეცადეთ, რომ მსუბუქ დანაშაულზე უფრო გაადვილებულიყო განაცხადის შემოტანა შეწყალების თხოვნით და შედარებით მძიმე დანაშაულზე ასევე პროპორციულად იყოს მოთხოვნები წარდგენილი. რეალურად შეწყალების კომისია მსუბუქ დანაშაულზე კიდევ უფრო ლიბერალური პირობების შექმნას აპირებს. ჯერ-ჯერობით ეს ცვილებები განხილვის საკითხია და არ არის დამტკიცებული, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ახალი დებულება სულ მალე იქნება ხელმოწერილი და ამოქმედებული.
ცნობილია, რომ 2005 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა შეწყალების კომისიის დადგენილებაში. არის თუ არა მუხლი, რომელიც ახალმა კომისიამ უცვლელი დატოვა და რა სახისაა დღვანდელი კომისიის დადგენილება?
სამწუხაროდ წინასწარ შეტანილი ცვილებების გახმაურების უფლება არ გვაქვს, თუმცა ახალი დადგენილება უფრო ლიბერალური და ჰუმანური ხდება იქიდან გამომდინარე, რომ კრიტერიუმები, რომელიც შეწყალების შესახებ რეკომენდაციის გაცემის საშუალებას გვაძლევს უფრო ლმობიერი იქნება, მაგრამ ძალიან პრინციპული და მსუბუქ დანაშაულთან კიდევ უფრო გამარტივებული.
როგორ ხდება და რამდენად ერთსულოვნად იღებს კომისია გადაწყვეტილებებს?
შეწყალების კომისიის თითოეული სხდომა ცოცხალი პროცესია. ხშირად საკმაოდ რთული გადაწყვეტილებების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ჩვენი მოვალეობაც სწორედ სამართლიანობის პრინციპის დაცვა და კანონიერებაა. მიუხედავად აზრთა, პროფესიისა და მსოფმხედველობის განსხვავებულობისა კომისიის წევრები ვახერხებთ ერთიან პოზიციაზე შეჩერებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას, მითუმეტეს, რომ ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა დადგენილი პრინციპებია. სწორედ ეს შემუშავებული პრინციპებია ჩვენი გადაწყვეტილებების ამოსავალი წერტილი, რომელიც შეცდომის დაშვების უფლებას არ გვაძლევს.
თქვენი აზრით, რა სირთულეებს უკავშირდება კომისიის წევრობა? რამდენად საპასუხისმგებლოა და სენსიტიური სხვა ადამიანის ბედის გადაწყვეტა?
განსაკუთრებულად დიდ სირთულეებთან გვაქვს ახლა საქმე. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, როდესაც ხარვეზების დამდგენი კომისიის ფორმირება ვერ მოხერხდა. უამრავი ადამიანი განიცდის თავს უკანონო პატიმრად, აქვს პროტესტის გრძნობა, ის არ აღიარებს თავის ბრალეულობას და ასეთ ვითარებაში ჩვენი მდგომარეობა ძალიან რთულია იმიტომ, რომ ჩვენ ვერ გადავხედავთ სასამართლო გადაწყვეტილებას, სასამრთლოს განაჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გამორიცხულია კომისიის მუშაობის რეჟიმში, ამიტომ ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობის წინაშე. ერთის მხრივ ვერ გადავხედავთ სასამრთლო გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ კი უნდა ვიყოთ სამართლიანები იქ, სადაც ადამიანის ბედის წყდება, ამიტომ ერთადერთი შანსი, რომ კანონიერი გადაწყვეტილებები მივიღოთ არის ჰუმანურობის პრინციპიდან გამომდინარეობა, რა თქმა უნდა, რომ არ გადაგვძლიოს სუბიექტურობამ ამაში დადგენილი კრიტერიუმები გვეხმარება. ზოგადად შეწყალება – მოწყალება ეს რთული ცნებებია, რომლებიც გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი ტიპის სამართალი. აღასანიშნავია, რომ ახალი კომისია მხოლოდ ერთი სამუშაო შეხვედრით არ კმაყოფილდება, რადგან უამრავი საქმის განხილვა გვიწევს, ამიტომაც დასკვნით სხდომამდე ფაქტობრივად სამჯერ-ოთხჯერ მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობთ. ეს არის მაღალი მოტივაციის მქონე ადამიანების მიერ გაწეული შრომატევადი საქმე, რომელიც ნამდვილად ღირს, რადგან ამ ადამიანების დახმარების მთავარ საშუალებას წარმოადგენს.
როგორც ცნობილი გახდა, კომისიამ 60-ზე მეტ პატიმარზე გასცა შეწყალების რეკომენდაცია, რომელიც პრეზიდენტს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება, როდისთვის მოხდება მათი შეწყალება და ახლომომავალში კიდევ როდისთვის არის დაგეგმილი პატიმართა მორიგი შეწყალება?
ჩვენი კომისია განსხვავებით წინამორბედისგან უფრო ხშირად ვიკრიბებით, სწორედ ეს შეიძლება ჩაითვალოს წინა და ახალი კომისიის მუშაობაში ერთ-ერთ განმასხვავებელ ნიშნად, რადგანაც ყოველდღიურად უამრავი საქმე შემოდის, შესაბამისად ჩვენი შეკრების ინტენსივობაც იზრდება. ახალი კომისიის საქმიანობის ფარგლებში შეწყალებები იქნება არა მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე არამედ შუალედურ პერიოდებში, რომელიც აღსანიშნავ დღესთან იქნება მისადაგებული. წინა პერიოდში, სულ ერთი თვის განმავლობაში, ორჯერ გადავეცით შეწყალების რეკომენდაცია პრეზიდენტს. საშობაო და ნათლისღების დღესასწაულებისათვის. აღსანიშნავია, რომ წინა შეწყალების კომისიის რიგებში ისეთი პიროვნებებიც იყვნენ, რომლებიც აგვისტოს შემდეგ ელიან თავიანთ განცხადებაზე რეაგირებას, სწორედ ერთთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად მოხდა მათი განცხადებების დაკმაყოფილება ახალ შემოტანილ განცხადებებთან ერთად. სამომავლოდ იგეგმება შეხვედრა მარტისთვის, როდესაც იანვრისა და თებერვლის თვეში შემოტანილი განცხადებების განხილვა მოხდება.
22.01.14
მარიამ გელაშვილი